დილას ყაჩაღიანის ბორცვზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. კომპანია „არემჯის“ თანამშრომლები უკვე მე-7 დღეა შიმშილობენ. ისინი საწარმოს შეუფერხებელ მუშაობას ითხოვენ და აპროტესტებენ სხვადასხვა ჯგუფების აქტივობას, რომლებიც სამუშაოების შეჩრებას ცდილობან.
„დილას გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. დაახლოებით ოც წუთში მოვიდნენ გაგვსინჯეს რამოდენიმე ადამიანი. როგორც ექიმმა გვითხრა ჩვენი მდგომარეობა არასტაბილურია და პირადად მე მირჩია რომ კარავში აღარ დავრჩენილიყავი. მიუხედავად ასეთი რთული მდგომარეობისა ჩვენ მაინც ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ოჯახის ინტერესებს, ჩვენ სამუშაო ადგილებს და არ მივცემთ უფლებას იმ პოლიტიკურ პარტიებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც 24 საათი ტელევიზიების საშუალებით არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, რომ კომპანია გააჩერონ. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე!“- ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე გია მაღრაძე.
„ჩვენთან გამოძახება შემოვიდა 09:40 საათზე, ათ საათსა და 5 წუთზე უკვე ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ვიყავით. ამ ადამიანებს აღენიშნებათ მაღალი წნევა. ერთ-ერთ მოშიმშილეს გია მაღრაძეს გულის მხრივ პრობლემები აქვს. გული აჩქარებულია და არასასიამოვნო შეგრძნებები აქვს. ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საჭიროებს სხვა გარემოში გადაყვანას. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ერთი ადამიანია. რამდენიმე მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია.“ - განაცხადა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა ჯემალ შავაძემ.
„ჩვენ საკუთარი უფლებების დაცვა შეგვიძლია და ისიც ვიცით რომელ უბანსა თუ საბადოზე საქმიანობის დაწყებას რამხელა მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. აქედან გამომდინარე გვესმის, თუ რა ემუქრება კომპანიას თუ საყდრის-ყაჩაღიანის N 1 უბანზე საქმიანობა არ გაგრძელდა. ვინც წარმოების გაჩერებას ითხოვს, ის ჩვენს უმუშევრად დატოვებას ითხოვს. სწორედ ეს არის მათი მოთხოვნის არსი და ამ ფონზე ვითომდაც სოლიდარობის გამოცხადება ან უბრალოდ ცინიკური თვალთმაქცობაა ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანის მოსაზრება, რომელიც ვერ აცნობიერებს იმ შედეგებს და პასუხისმგებლობას რაც მის მოთხოვნებს მოყვება.“ - აცხადებენ მოშიმშილეები.