საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებისა და თაფლის წარმოების  ხელშეწყობა

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებისა და თაფლის წარმოების ხელშეწყობა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის და თაფლის რეგლამენტის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით,  ვანის მუნიციპალიტეტში თაფლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის  მეურნეობის  მინისტრის  მოადგილე  გოჩა  ცოფურაშვილი,  სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  თავმჯდომარე  გიორგი  მიშელაძე,   ვანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე,  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე   საუბარი  შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას, თაფლის რეგლამენტის  შემუშავებასთან დაკავშირებულ  საკითხებს და სამომავლო პროექტებს.  ყურადღება გამახვილდა მეფუტკრეობის სექტორში კოოპერაციის მნიშვნელობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს მეფუტკრეობის დარგში უკვე გამოიკვეთა წარმატებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.  ევროკავშირის პროგრამის ENPRD-ის ფარგლებში  ორგანიზაციამ MERCY CORPS  უკვე  შეარჩია  4  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  რომლებიც  გრანტის სახით დაფინანსებას მიიღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს სურსათის უვნებლობის სტანდარდების დაკმაყოფილებით  უპასოხონ დღეს არსებულ გამოწვევებს, რაც  ამ ეტაპზე   მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ევროპულ  ბაზარზე  გატანა-დამკვიდრებას წარმოდგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მეფუტკრეობის განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებზე ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინეს და  დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს. შეხვედრაზე კოოპერატივის წევრებთან  ერთად ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები განიხილეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რეგიონებთან მჭიდრო ურთიერთობა სამინისტროსთვის  პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, ყველა მნიშვნელოვან თემაზე რეგიონის მოსახლეობასთან  შეხვედრები და განხილვები გაიმართება.