საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით 613 სოფლის ბიბლიოთეკა წიგნებით განახლდება

საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით 613 სოფლის ბიბლიოთეკა წიგნებით განახლდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის გამოფენას „წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" დაესწრო. პროექტი გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება და პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება. ღონისძიებაზე სხვადასხვა გამომცემლობამ სოფლის ბიბლიოთეკებისათვის უახლესი ქართული გამოცემები წარმოადგინა.

ბიბლიოთეკებს საშუალება ეძლევა თავად აირჩიონ და შეიძინონ სასურველი ლიტერატურა. თითოეულ ბიბლიოთეკაზე ვაუჩერის სახით გამოყოფილია 500 ლარი. „სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ამ გამოფენაზე დღეს ირჩევენ წიგნებს თავიანთი ბიბლიოთეკებისთვის. ძალიან საინტერესო პროცესია, როდესაც წიგნი ქართველი გამომცემლებისგან პირდაპირ რაიონში, სოფლის ბიბლიოთეკაში მიდის და ამდიდრებს ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებას. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოში ამჟამად 613 საჯარო ბიბლიოთეკაა, რომელთა წიგნების ფონდი ბოლო წლების განმავლობაში ბიბლიოთეკების მცირე ბიუჯეტის გამო, პრაქტიკულად, არ შევსებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წიგნების შესაძენად სოფლის ბიბლიოთეკები დაფინანსდა.