"მოლოდინები აქვთ, რომ აქციზის გადასახადის გაზრდით შემოსავლებს გაზრდიან"

ლუდის მწარმოებელი კომპანია "კასტელის" წარმომადგენელის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ითქვა, რომ აქციზის გადასახადის 100%-იანი ზრდით ბიუჯეტში 30 მილიონის ოდენობის დამატებით შემოსავალს ელიან.

გოგა ახალაძის თქმით, აქციზის გადასახადის ზრდა აუცილებლად გამოიწვევს რეცესიას, ლიტრაჟების შემცირება კი სამუშაო ადგილებს შეამცირებს. მისივე განმარტებით კომპანიებმა საკუთარი არგუმენტები ფინანსთა მინისტრსაც გააცნეს

"მათ მოლოდინები აქვთ, რომ აქციზის გადასახადის გაზრდით შემოსავლებს გაზრდიან, რასაც არ ვიზიარებთ და ამის ლოგიკური ახსნაც გვაქვს, რაც შეხვედრაზე წარვუდგინეთ ფინანსთა მინისტრს. აქციზის გადასახადის ზრდით, ჩვენი გათვლებით მოხდება ბაზრის 20-დან 25%-მდე შემცირება, შესაბამისად, მოგვიწევს ფასის გაზრდა, გადასახადის ნაწილს ჩვენს თავზე ავიღებთ, ნაწილი კი მომხმარებელს დააწვება. 2010 წელს აქციზის გადასახადის გაორმაგება მოხდა და ფაქტობრივად ბაზრის ზრდა გაჩერდა. ეს ის მაქსიმუმი იყო, რისი ამოღებაც ამ ბიზნესიდან შეიძლებოდა. ახლა აქციზის გადასახადის ზრდა აუცილებლად გამოიწვევს რეცესიას. ლიტრაჟების შემცირებით შემცირდება სამუშაო ადგილები, ჩვენ იმდენ ხალხს აღარ დავასაქმებთ. ის ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ ძირითად საშუალებებში გავწიეთ, ფაქტობრივად ფუჭი იქნება. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ჩვენს არგუმენტებს ფინანსთა სამინისტროს ვუხსნით, თუმცა საპირისპირო მხრიდან ძალიან ჩამოყალიბებული არგუმენტები არ მოგვისმენია. სურვილია, რომ შემოსავლები გაიზარდოს, რაც ზოგადად ყველა მოქალაქის სურვილია, რომ ბიუჯეტი და ქვეყანა ძლიერი იყოს. მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ და ის ტოტი არ უნდა მოვჭრათ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება ნაყოფი მოგვცეს", - განაცხადა კომპანია "კასტელის" წარმომადგენელმა გოგა ახალაძემ.

ლუდის მწარმოებლებისთვის აქციზის გადასახადის გაზრდის თაობაზე ნაკლები კომუნიკაციის ალბათობაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კომპანიებს შორის არსებული კომუნიკაციის შედეგად მათ შეთანხმებას მიაღწიეს. პრემიერმა ფინანსთა მინისტრის ამ საკითხზე განმარტების გაკეთება სთხოვა.