დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია ჩინეთის ელექტრონული პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ეროვნული კორპორაციის წარმოამდგენლებს შეხვდა.
ჩინეთის ელექტრონული პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ეროვნული კორპორაცია 1980 წელს შექიმნა და მისი წლიური ბრუნვა 6,3 მლრდ აშშ დოლარს აღემატება.
დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, კორპორაცია მრავალპროფილიანია და მის საქმიანობაში სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარება და აგრარულ მრეწველობაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა - ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ამჟამად კორპორაციას მსოფლიოს 140 ქვეყანასთან აქვს დამყარებული სავაჭრო ურთიერთობები.
ოთარ დანელიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით დააფიქსირა მზადყოფნა მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ახალი ჩინური ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს სოფლის მეურნეობაში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული სქემები და მიმართულებები განიხილება.