სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ახლადშექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ფინანსთა სამინისტროების, ასევე ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიზანია, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების, მათ შორის, ახალი საკანონმდებლო აქტების მიღებისა და მათი ამოქმედების ვადების პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.