ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა კონფერენცია გამართა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის რეფორმის ქვაკუთხედი ადამიანის უფლებების რეალურად დაცვაა.
„სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სისტემის ყველა თანამშრომელს კარგად ესმოდეს, რა არის ადამიანის უფლებათა დაცვა და საქმიანობისას არ გადასცდეს ამ ზღვარს. ჩვენი მიზანია, ყველა თანამშრომელმა რეჟიმის მოთხოვნების შესრულება ისე შეძლოს, რომ არ შელახოს ადამიანის უფლებები,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის სწავლების კუთხით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა რაულ ვალენბერგის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტის ნაირობის რეგიონული ოფისის უფროსმა ჯოშ აუნსტედმა.
„ძალიან კმაყოფილები ვართ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის შესაძლებლობით. ვგეგმავთ, რომ ვითანამშრომლოთ სასწავლო ცენტრთან, რათა სასჯელაღსრულების სისტემის ბევრად მეტი პერსონალი იყოს მომზადებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში,“ - განაცხადა ჯოშ აუნსტედმა.
სასწავლო ცენტრის დირექტორმა საზოგადოებას ღონისძიებათა ნუსხა გააცნო, რომელიც სასწავლო ცენტრმა 2013-2014 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განახორციელა. მაია ხასიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლოს, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა და რეკომენდაციებიც შემუშავდა.