25 ოქტომბერს, თბილისმა ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს-დაჯილდოება Marketing Brilliance Awards 2014-ს უმასპინძლა, რომლის მიზანსაც ყველაზე ინოვაციური პროექტების გამოვლენა და საუკეთესოს აღიარება წარმოადგენს. ღონისძიების ორგანიზატორია ბრიტანული კომპანია BOC – Global Events Group.
ბიზნეს დაჯილდოება Marketing Brilliance Awards 2014-ზე ნომინაციაში წლის საუკეთესო სოციალური პროექტი, „ფონდი ნატახტარი“ დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა სხვა სოციალურ პროექტებს შორის „ფონდი ნატახტარი“ თავად წარადგინეს, ხოლო ჟიურიმ და ექსპერტებმა ფონდის საქმიანობისა და შედეგების კვლევის საფუძველზე საუკეთესოდ აღიარეს.
„საამაყოა, როდესაც კომპეტენტური ჟიური ბევრ საინტერესო სოციალურ პროექტს შორის შენსას გამოარჩევს. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პროექტები წელს პირველად იქნა განხილული და წლის საუკეთესო სოციალური პროექტიც პირველად დასახელდა. ამასთან, "ფონდი ნატახტარი" თავად ორგანიზატორებმა, სხვა სოციალურ პროექტებს შორის, წარადგინეს, ისე, რომ ამის შესახებ კომპანიაში არაფერი ვიცოდით. საერთაშორისო ჟიურიმ ფონდის საქმიანობასა და შედეგების კვლევებზე დაყრდნობით გამარჯვებულად დაგვასახელეს. დიდი მადლობა ასეთი აღიარებისთვის. ეს ჯილდო დამატებითი მოტივაციაა არა მხოლოდ კომპანია ნატახტარისთვის არამედ ფსიქოლოგების, აღმზრდელების, სოციალური მუშაკების და ყველა სხვა ადამიანისთვის ვინც ჩართულია ამ პროექტის აღსრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც პროექტის განხორცილებაში წვლილი შეიტანა და განსაკუთრებით მათ, ვინც გამოარჩია „ფონდი ნატახტარი“ - აღნიშნა კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
“ნატახტარი სრულიად დამსახურებულად გახდა ბიზნეს ბრილიანს ავარდის 2014 წლის გამარჯვებული, კატეგორიაში: ბრილიანსი CSR -ში. ფონდი ნატახტარი პოზიტიურად ცვლის მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა ცხოვრებას და ამით საუკეთესო მაგალითს აძლევს სხვა მსხვილ კორპორაციებს. BOC ულოცავს ნატახტარს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას,” - განმარტავს BOC - Global Events Group-ის მარკეტინგის დირექტორი მაკა ყუფარაძე.
„ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში. თანხა ნოემბრიდან თებერვლის მანძილზე გროვდება. სამი წლის განმავლობაში 420 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ამჟამად, ფონდის ფარგლებში 159 ბენეფიციარი შემდეგი მომსახურებით სარგებლობს: ფსიქოლოგიური კონსულტაცია, საგნებში მომზადება, პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღება, პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენა, სტიპენდია (ბინის ქირა, კვება, გზა). თითოეული ბენეფიციარისთვის თანხა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოიყოფა .
პროექტი, საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ თანხების გამჭვირვალობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.