ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მოწვევითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF ინიციატივით, პროექტის - „ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის ტერიტორიაზე“ ფარგლებში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე მედიატური გაიმართა. სტუმრებმა ჯავახეთის ტბები და მიმდებარე ლანდშაფტი დაათვალიერეს. ტურში ასევე მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები.
ელკანას, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF ის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიის განახლებული ინფრასტრუქტურა გააცნეს. მედიატურის მიზანს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, იქ არსებული ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ სამი საოჯახო სასტუმრო „ფლორა“(სოფელი სულდა) „სულდა“ (სოფელი სულდა) და „მადათაფა“ (სოფელი სამება) უკვე მზად არის სტუმრებისა და დამთვალიერებლების მისაღებად.
„ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა გამოსწოროს აქ არსებული მდგომარეობა. იმედი მაქვს ეს ადგილი კიდევ უფრო დაიტვირთება უცხოელი და ქართველი ვიზიტორებით. ამის პოტენციალი აქ უკვე არსებობს,“ - მიაჩნია დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს რატი ჯაფარიძეს.
გოგა ჩანადირი, დამოუკიდებელი ფოტორეპორტიორი: „ეს პროექტი ხელს შეუწყობს უკეთ დაინახო ბუნება. საქართველოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოებში არ გამოიხატება. ბუნებასთან სიახლოვე უნდა გიყვარდეს, დაინახო რა ლამაზია შენი ქვეყანა. თუ არ მიხვედი მასთან, არ მოეფერე, ტალახში არ ამოისვარე, არ დასველდი, ფრინველებს არ დააკვირდი არ შეგიყვარდება გულით შენი სამშობლო.“
ნიკოლოზ მალაზონია, WWF-ის პროექტის კოორდინატორი: „ეს იყო გაცნობითი ტური მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის. დაათვალიერეს ჯავახეთის ტბები და მიმდებარე ლანდშაფტი. მათ საკუთარი თვალით დაინახეს რომ ამ ტერიტორიაზე არსებობს ტურიზმის განვითარების პოტენციალი“.
პროექტს ,,ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის ტერიტორიაზე“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ანხორციელებს.
ეკოტურიზმის განვითარების პროექტი ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ნაწილია, რომელსაც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლიდან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი - WWF საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის შედეგად შეიქმნა ჯავახეთის დაცული ტერიტორიები (ჯდტ), კერძოდ ჯავახეთის ეროვნული პარკი და ხუთი აღკვეთილი. 2015 წლის გაზაფხულიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები მზად იქნება ვიზიტორების მისაღებად.