კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში", ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მზადება დაწყებულია, რისთვისაც უკვე ტარდება რიგი ტექნიკური ღონისძიებები. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კომპანია რეკომენდაციით მიმართავს თბილისელ აბონენტებს, თადარიგი დაიჭირონ და შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენისა და საკანალიზაციო მიწისზედა ქსელები, ანუ კუთვნილი ღია კომუნიკაციები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ასევე თხოვნით მიმართავს თავის აბონენტებს, შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.
აღნიშნული ქმედებით, კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლებები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, ყინვის გამო მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე. რადგან მსგავსი ტიპის პრობლემებმა, შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული აბონენტების, არამედ მიმდებარედ მცხოვრები სხვა აბონენეტების წყალმომარაგებაშიც გამოიწვიოს შეფერხებები.
კომპანიის რეკომენდაცია სასურველია განსაკუთრებით გაითვალისწინოს თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისულ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში.
ამას გარდა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 2014-2015 წლების ზამთრის სეზონზე მკაცრ კონტროლს დააწესებს დედაქალაქის იმ ქუჩებზე, სადაც მოძველებული თუ ამორტიზებული ქსელებია და სადაც არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა. მოსალოდნელი დაზიანებების ოპერატიულად ლიკვიდაციას კი, კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11, კომპანიის ფეისბუქის გვერდისა და ვებგვერდის ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, საგანგებო რეჟიმში მოემსახურება ტექნიკური სამსახურები.