საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ტალინში გამოფენაზე „Tallinn Foodfest 2014“ საქართველო - ქართული კომპანიების სახით - პირველად იქნა წარმოდგენილი.
„Tallinn Foodfest 2014“-ზე ადგილობრივი და ევროპული ქვეყნების კომპანიების მიერ წარმოებული საკვები პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, Tallinn Foodfest 2014 პირველი გამოფენაა ევროკავშირის სივრცეში, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა ესტონეთის და, შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს.
გამოფენაზე საქართველოს სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა. სტენდის გახსნის შემდეგ სტუმრებისათვის მიღება გაიმართა. გამოფენას ესწრებოდნენ ესტონეთში აკრედიტებული სხვდასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს სტენდზე გამოიფინა ქართული ალკოჰოლური (ღვინო, ჭაჭა, ლუდი) და არაალკოჰოლური სასმელები, ასევე ჩურჩხელებისა და გამომშრალი ხილის (ჩირი) ნაირსახეობები, ტყლაპი, თხილი, ნიგოზი, ჩაი, მურაბა, ჯემი, ტყემალი და სუნელები.
გამოფენაში Food Fest 2014 ოცამდე სხვადასხვა ქვეყანის სურსათის მწარმოებელი კომპანია მოწილეობდა.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების: სს „ლომისი", შპს „გეოპლანტი", სს „ქართული ლუდის კომპანია", შპს „ქიმერიონი", შპს „კულა", შპს „ლივო", შპს „ქინძმარაულის მარანი" პროდუქცია.