მაისისა და ივნისის თვეებში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platts-ის მიხედვით (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა. კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილია 58 დოლარით 1033 დოლარამდე/ტონაზე; დიზელის ფასი მომატებულია 27 დოლარით 911.50 დოლარამდე/ტონაზე;
ნავთობის ფასის ზრდა განპირობებული იყო ძითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მოხდა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა: სუპერის ტიპის ბენზინი - 2-3 თეთრით/ლიტრაზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასის ადეკვატური ზრდის პირობებში საცალო ქსელში ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო საშუალოდ 10 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დიზელის საწვავი - 6-7 თეთრით ლიტრზე.
რაც შეეხება ივლისის თვეს, ნავთობზე ფასი მცირდება. დღეისათვის ნავთობის ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ფასის კლება განპირობებულია შემდეგით: ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა). შესაბამისად, მიმდინარე თვეში შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platts-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი შემცირებული 11.50 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი - 13.75 დოლარით/ტონაზე.