„კანონის უზენაესობა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრინციპია“

„კანონის უზენაესობა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრინციპია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე  მიიჩნევს, რომ გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების დროს  სასამართლომ  კანონის ფარგლებში იმოქმედა და მიიღო  გადაწყვეტილება, როგორიც დემოკრატიული სახელმწიფოს სასამართლოს უნდა მიეღო.

„უგულავას ჰქონდა შეფარდებული გირაო 50 ათასი ოდენობით, ძალიან მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც  მილიონობით ლარის გაფლანგვას ეხებოდა. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს მან გააგრძელა დანაშაულის ჩადენა, მათ შორის არალეგალური ფულის შემოტანა ქვეყანაში, საყურადღებოა იგივე მარნეულის ინცინდენტი. ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის, შესაძლოა, დაემალოს გამოძიებას, მით უმეტეს, როდესაც იგი ტოვებდა ქვეყანას და ბუნდოვანი იყო, დაბრუნდებოდა თუ არა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაპატიმრების თაობაზე და ეს პოლიტიკურ დევნასთან არანაირ კავშირში არ არის“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ  გიგი უგულავას მერობისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებზე  სასამართლო მომავალშიც ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. „კანონის უზენაესობა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრინციპია“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 4 ივლისს შეუფარდა. თბილისის ყოფილ მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის.