100 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა

100 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა

კოოპერატივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება  გაიმართა და  საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირებულ 100 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  სტატუსის  დამადასტურებელი მოწმობები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და  სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.  ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტის წარმომადგენლები,  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ENPARD - პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა  იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც  საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ გამოწვევის მნიშვნელოვანი წილი აგრარულ სექტორზე მოდის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია  აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი  მიმართულებაა, რომელმაც  სოფლად სიღარიბის დაძლევასა და  ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

შალვა ფიფიამ სიტყვით გამოსვლისას  ხაზი გაუსვა კოოპერაციის მნიშვნელობას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყველა განვითარებულმა ქვეყანამ ეს გზა გაიარა იმისათვის რომ წარმატებებს მიეღწია სოფლის მეურნეობაში. კოოპერატივი, სადაც გაერთიანებულია ადამიანური, ფინანსური, მატერიალურ რესურსი და  კონსოლიდირებულია ფრაგმენტირებული მიწები, ფერმერებს, გლეხებს და მეწარმეებს საშუალებას აძლევს დანერგონ   წარმოების მაღალი სტანდარტი და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები.  მათთვის გამარტივებულია ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და შედეგად წარმოებულ ხარისხიან პროდუქცია კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ  სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, კოოპერაციის განხოციელება ხელს უწყობს ფერმერებს, გლეხებსა და მეწარმეებს მინიმალური დანახარჯით მიიღონ მაქსიმალური შედეგი - დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, შეუმცირდეთ დანახარჯები, გაეზარდოთ მოსავლიანობის მაჩვენებელი. კოოპეაციის წახალისების მიზნით,  პარლამეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ამ მიმართულებით ერთერთი ყველაზე მოქნილი კანონმდებლობაც.

ღონისძიების ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და შპს „მექანიზატორის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჩხაიძემ  ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც სტატუსის მქონე  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შპს „მექანიზატორის“ მომსახურებას  შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.