"ოზურგეთი უნდა იქცეს გურიის კულტურის ცენტრად"

"სოციალური პრობლემების მოგვარება ყველაზე პრიორიტეტული რომ არის მთელი ქვეყნისთვის და ოზურგეთისთვისაც მათ შორის, ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის სფეროს და იმ ტრადიციების აღორძინება, რითაც ოზურგეთი ყოველთვის ამაყობდა" - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგი სიორიძე.

მისი განცხადებით, ოზურგეთს, ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ იქცეს გურიის კულტურის ცენტრად:

"ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ტრადიციებს და ადამიანურ რესურსს, როგორც ღვაწლმოსილ ადამიანებს, ასევე ახალგაზრდებს. ოზურგეთელი ახალგაზრდები, რომლებსაც საოცარი უნარ-ჩვევები აქვთ ყველა მიმართულებით, ნამდვილად იმსახურებენ ცხოვრობდნენ ისეთ ქალაქში, საიდანაც არსად მოუნდებათ წასვლა. ამისთვის კი მათთვის ნორმალური პირობების შექმნაა საჭირო. ჩემს ახალგაზრდობაში არ იყო ინტერნეტი, მაგრამ იყო ადამიანებს შორის საოცარი ურთიერთობა. თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა იმ ურთიერთობების აღდგენა, რითაც ოზურგეთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ. სხვათაშორის, ახალგაზრდებიც ამ აზრის არიან. მათ როცა ველაპარაკები, ამბობენ, რომ გართობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობით, მაგრამ ამ ყველაფრისთვის უნდა არსებობდეს ქალაქში ისეთი კულტურული ცენტრები, სადაც ისინი შეკრებას მოახერხებენ."

როგორ აპირებს მერობის კანდიდატი ამ საკითხის მოგვარებას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?

 ბეგი სიორიძე: " უპირველეს ყოვლისა, მინდა ავაღორძინო ოზურგეთის თეატრი. ოზურგეთში დაგვიბრუნდა ჩვენი ქალაქისთვის საყვარელი ადამიანი ბატონი ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც ისევ ჩაუდგა სათავეში სამხატვრო ხელმძღვანელის სახით ჩვენს თეატრს. ჩვენ უკვე გვქონდა არაერთგზის საინტერესო საუბარი ჩვენს თეატრთან დაკავშირებით და მერწმუნეთ, ხვალ ეს ჩვენი მიზნები აბსოლუტურად მიღწევადია. გვყავს უნიჭიერესი მსახიობები. გარდა ამისა, გვაქვს ასეთი იდეა, რომ მემორანდუმი გავაფორმოთ მარჯანიშვილის, რუსთაველის ან რომელიმე სხვა თეატრთან და თვეში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს ოზურგეთში ახალი სპექტაკლით. იგივე მაქვს დაგეგმილი კინოსთან დაკავშირებითაც. უბრალოდ, მინდა, რომ ყველა სიახლე, რაც კი ცენტრში იქნება, მალევე გახდეს ხელმისაწვდომი ოზურგეთელი ახალგაზრდებისთვის და ამას აუცილებლდ მოვახერხებ.

დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროსთან გამოვძებნი საერთო ენას და მათგანაც ყველანაირ დახმარებს მივიღებ. არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე, ევროპული სტილის გარე-კაფეების მოწყობაც, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დაახლოებას. მერწმუნეთ, ვირტუალურ ურთიერთობაზე გაცილებით უფრო საინტერესოა როცა ადამიანები თვალებში უყურებენ ერთმანეთს და უღიმიან. ბევრი გეგმა მაქვს, რომლის განხორციელებასაც მხოლოდ ოზურგეთელებთან შეთანხმებით და მათთან ერთად ვაპირებ"