პრემიერ-მინისტრმა ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ონის მოსახლეობას ივნისის ბოლოდან მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

"ცხრა წლის განმავლობაში ხალხს ატყუებდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ამ დროს ელემენტარული წყლის პრობლემაც კი არ იყო მოგვარებული და წვიმის დროს მოსახელობას ტალახიანი სასმელი წყალი მიეწოდებოდა. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები და ერთ თვეში ონს წყლის პრობლემა აღარ ექნება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პროექტის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონის გუბერნატორმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდეს. მათ პრემიერს განუმარტეს, რომ წყალსადენის რეაბილიტაციის დაწყებამდე წყლის რეზერვირება, გაფილტვრა- ქლორირება არ ხდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, წყალმომარაგების ელემენტარული ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას.

ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტზე, რომლის საერთო ღირებულება 927 073.65 ლარია, 80 ადამიანია დასაქმებული.