გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

უკრაინაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც 56 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად, რომელთა შორის 23 სახელმწიფოს მეთაური იყო, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა და მას პოლონეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, ლიტვის, მოლდოვისა და გერმანიის პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრებოდა. ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი. რადაში შეკრებილმა საზოგადოებამ  უკრაინის თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

"მე პეტრო პოროშენკო - ხალხის მიერ არჩეული პრეზიდეტი - ვფიცავ, რომ  მთელი ჩემი საქმიანობით დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ვიზრუნებ უკრაინელი ხალხის კეთილდღეობაზე და დავიცავ მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებას, უკრაინის კონსტიტუციას. შევასრულებ ჩემს მოვალეობას ყველა თანამემამულის ინტერესების გათვალისწინებით. ავამაღლებ უკრაინის ავტორიტეტს მთელ მსოფლიოში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უმაღლესი რადას სხდომათა დარბაზში რიგით მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ისმენდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კუჩმა, ლეონიდ კრავჩუკი და ვიქტორ იუშჩენკო.

გიორგი მარგველაშვილი კიევში პირადად პეტრო პოროშენკოს პირადი მიწვევით იმყოფება. 48 წლის ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა 25 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,7%-ი მიიღო.