ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის გაცილების ცერემონია ხვალ გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6-თვიანი სამშვიდობო მისიით გაემგზავრება. მისიას ევროკავშირი გაერო-ს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს.
ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით თებერვალში მიმართა. ოფიციალური მოწვევა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გამოაგზავნა.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართული მხარის ჩართვას მხარი დაუჭირა.