გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად საქართველოს პარლამენტში უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი, გოგა ხაჩიძე, ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ხუდონჰესის პროექტის განხორციელება აუცილებელია.
"არ ვიცი ახალი ხელისუფლების პირობებში რა ხდებოდა, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ან რამე თუ შეიცვალა. მაგრამ, როგორც მე ვიცი ხუდონჰესი არის ქვეყნის ენერგეტიკისთვის არა თუ მნიშვნელოვანი, არამედ უმნიშვნელოვანესი პროექტი. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვყავდა ოპოზიცია, რომელიც არა ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ მხოლოდ პარტიული და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდა განცხადებას ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით.
"ქართული ოცნების" დეკლარირებული განცხადება იყო, რომ დიდ ჰესებს არ ააშენებდნენ. მაგრამ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიხვდნენ, რომ ხუდონჰესი ასაშენებელია და ეს კარგია, რადგან ისე ქვეყანა ვერ განვითარდება.
ვფიქრობ, რომ ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი. თუ არ გვინდა განვითარება, არ გვინდა მეტი ელექტროენერგია და არ უნდა ავაშენოთ. მაგრამ, თუ გვინდა განვითარება, უნდა ავაშენოთ. ეს ძალიან მარტივი გადასაწყვეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხუდონჰესის პროექტს საბოლოო სახე არ ჰქონდა მიღებული, საჭირო საბუთები სრულყოფილი არ იყო, პროექტი იმ დონეზე არ იყო მისული, როგორიც ახლაა, ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ ამბობდა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ხუდონჰესიო. რაც უფრო გაჯანჯლდება ამ საკითხს გადაწყვეტა, მით უფრო გაუჭირდება ამ ხელისუფლებას ხუდონჰესის პროექტის განხორციელება." - განაცხადა ხაჩიძემ.