კახეთში იტალიური კალიის წინააღმდეგ ავიაციით წამლობა დაიწყო

კახეთში იტალიური კალიის წინააღმდეგ ავიაციით წამლობა დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  კახეთში საშიში მავნებლის -  იტალიური კალიის წინააღმდეგ ავიაციით წამლობა დაიწყო. ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში 17688 ჰა ფართობია დამუშავებული.

აღნიშნული ღონისძიება  სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისიდან დაიწყო. თავდაპირველად სამანქანო დანადგარებით დამუშავდა მავნებლის გავრცელების კერები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში. ამ ეტაპისთვის სპეციალური სამანქანო ტექნიკით შეწამლულია  13853 ჰა ფართობი. მავნებლის ძლიერი გავრცელების გამო საჭირო გახდა ავიაციის გამოყენება, რომლის საშუალებითაც  შეიწამლება სამანქანო დანადგარებით მიუდგომელი ფართობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საძოვრები. ამ ეტაპზე ავიაციით დამუშავებულია 3835 ჰა.   სამუშაოები ჩატარდება  26 000 ჰა ფართობზე.

იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მწვანე ნარგაობას. საქართველოს ტერიტორიაზე იგი აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებულია.