როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე პრემიერის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას აცხადებს, რომელიც ბერლინში პირადად კანცლერ ანგელა მერკელის მიწვევით იმყოფება, კონტაქტები ძალიან ინტენსიური გახდა.
მისივე შეფასებით, მერკელის გზავნილები ადასტურებს, რომ უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ რეფორმებს ბოლომდე უჭერენ მხარს და ამ წინგადადგმულ ნაბიჯებს აფასებენ, რომელმაც პრაქტიკულად განაპირობა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ვადაზე ადრე ვაწერთ ხელს.
ჩემი აზრით, უმთავრესი ისაა, რომ ამ შეთანხმების იმპლემენტაციაში ხელს შეგვიწყობენ. გერმანია, მე ვიტყოდი ევროკავშირში უმთავრესი ქვეყანაა და მათი მხრიდან ამგვარი პასუხისმგებლობის აღება, ამგვარი მომავალი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ჩვენც, ქვეყნის შიგნით ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ხელმოწერილ შეთანხმებას მაქსიმალურად ხორცი შევასხათ”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, სრულიად განსხვავებული და ოპტიმისტური გზავნილები მოდის საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხთან დაკავშირებითაც.
“გერმანია აქაც ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანაა და ერთი პერიოდი სკეპტიკოსადაც გვევლინებოდა ამ თვალსაზრისით. თუკი უელსში მათი და სხვა სკეპტიკოსების მხრიდანაც ძლიერი მხარდაჭრა გვექნება, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ შეიძლება ჩვენ იქ პროგრესიც გვქონდეს, თუმცა არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და რაღაც ვიწინასწარმეტყველო” – განაცხადა დოლიძემ.