პრობაციის ეროვნული სააგენტო გამარჯვებულ კონკურსანტებს სწავლას დაუფინანსებს

პრობაციის ეროვნული სააგენტო გამარჯვებულ კონკურსანტებს სწავლას დაუფინანსებს

პირობით მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილმა კომისიამ სამი საუკეთესო კონკურსანტი გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულებს პრობაციის ეროვნული საააგენტო მთელი წლის სწავლის საფასურს აუნაზღაურებს, თითოეულს – 2250 ლარის ფარგლებში. კონკურსის ერთ–ერთ მონაწილეს კი ტელეკომპანია „იმედმა" სტაჟირების გავლა შესთავაზა.

კომისიის შემადგენლობაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლების გარდა, შედიან სახალხო დამცველის, მედიის, საუნივერსიტეტო წრეებისა და პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კომისიის თავმჯდომარის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საუკეთესო კონკურსანტები განათლების მიღების მოტივაციის, სწავლის პერიოდში ან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული ქულების, პრობაციის ოფიცრის დახასიათებისა და სხვა ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ.

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, საგრანტო კონკურსი – „განათლება წარმატებული მომავლისთვის", განათლებაზე ორიენტირებულ პირობით მსჯავრდებულთა გამოვლენისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 6 მაისს გამოაცხადა.

კონკურსის პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს კანონმდებლობით აკრედიტირებულ სასწავლებლებში, ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნულ გამოცდები ან მიღებული აქვთ მოწვევა საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.