შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სასტუმრო „ბეტსი“-ში ცესკოს თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს. შეხვედრაზე სხვადასხვა აქტუალური წინასაარჩევნო საკითხებიც განიხილეს, რის შემდეგაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.

"ცესკო თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და შეხვედრებს სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან. დღეს შეხვედრა გაიმართა სამოქალაქო სექტორსა და მედიის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, რომელიც საარჩევნო პროცესებს და ადმინისტრაციის საქმიანობას უკავშირდება. შევეხეთ იმ საკითხებს, რომელიც უნდა გახდეს მთავარი მომოძრავებელი კარგი არჩევნების ჩასატარებლად", - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამუშაო შეხვედრები მედიასა და არასამთავრობო სექტორთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ორ კვირაში ერთხელ იმართება. ცესკო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზებით ქმნის ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში.