ბელარუსის რესპუბლიკაში, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან ღვინის მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები იყო, ექსპორტი განახლდა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა 17 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„წლის დასაწყისიდან ექსპორტთან დაკავშირებით ბელარუსში გარკვეული შეფერხებები იყო. აპრილის დასაწყისში მინსკში გაემგზავრა დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას ხელმძღვანელობით, რასაც მოჰყვა კონკრეტული შედეგები. სააგენტომ უკვე გასცა პირველი საექსპორტო სერტიფიკატები კომპანიაზე „თბილღვინო“, დაახლოებით 80 ათასი ბოთლის ექსპორტზე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ბელარუსში ექსპორტის შეფერხება მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა.
„ბელარუსში მკაცრად რეგულირებადი ინდუსტრიაა, სადაც საჭიროა მრავალსაფეხურიანი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. 2015 წლიდან დაგეგმილია კვოტების სისტემის მოხსნა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ამ ქვეყანაში ექსპორტის პოტენციალს. ზოგადად, ბელარუსთან აქტიურდება სავაჭრო-ეკონიმიკური ურთიერთობები, დაგეგმილია რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობა, რაც სავაჭრო ურთიერთობებს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს 2014 წლის პირველი კვარტლის საექსპორტო სტატისტიკაც წარუდგინა. კერძოდ, 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 19 ქვეყანაში 15 488 184 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 243%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეულს შეადგენს შემდეგი ქვეყნები: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია, სადაც ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი ლიდერობს 71%-ით. პირველი კვარტლის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 51 202 154 აშშ დოლარის ($) პროდუქცია, რაც 290% აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, პირველ კვარტალში 9 ქვეყანაში ბრენდის ექსპორტმა - 3 940 202 (0,5ლ) ბოთლი შეადგინა. ბრენდის ექსპორტმა თანხაში 14 486 685 აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 113%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს უკრაინა, სადაც ექსპორტმა პირველ კვარტალში - 2 504 520 ბოთლი შეადგინა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს რუსეთი, სადაც საანგარიშო პერიოდში 1 242 408 ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული.