თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა აგროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა დაამატა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა აგროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა დაამატა

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ახალი საბაკალავრო პროგრამა დაიმატა. როგორც “ჯი-ეიჩ-ენ”-ს სასწავლებლის რექტორმა, საქართველოს  ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა, 8 აპრილს, განათლების განვითარების ხარისხის ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ უნივერსიტეტის აგროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია ერთხმად  მიანიჭა.

„პროგრამა თანამედროვე სტანდარტებითაა შემუშავებული და მთავრობის აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებიდან გამომდინარეობს. დღეს აგროინჟინერიის სპეციალისტების დეფიციტია და მიმაჩნია, რომ კერძო უნივერსიტეტის მიერ ამ პროგრამის შემუშავება ნამდვილად პატრიოტული  საქმეა. ამიერიდან, თბილისის უნივერსიტეტი მექანიზაციის, ელექტროფიკაციისა და ჰიდრომელიორაციის სპეცილისტებს მომზადებს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ნამდვილად სჭირდება” - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

პავლიაშვილის თქმითვე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა გერმანიის ეიხშტატის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობას, სტუდენტების გაცვლას, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამებზე, აკადემიური პერსონალის ერთობლივ ტრენინგებს ითვალისწინებს. “ეს მემორანდუმი თბილისის სასწავლო უნივერისტეტის კიდევ ერთი აღიარებაა. აღსაიშნავია, რომ ამ მემორანდუმე მუშაობა თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა“ – აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

25-27 აპრილს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს პოლონეთის უნივერსიტეტის _ warsaw university of life Scinces – SGGW დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება, თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ერთობლივი აგრარული პროგრამების განხორციელებასა და სრულყოფას შეეხება.

მაისში კი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა.