სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რამინ ისმაილოვი რეგიონში ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადების - ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, ი/მ მაკა კალანდაძემ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მეცხოველეობის ფერმა გააფართოვა, შეიძინა ძროხები და ცხოველთა საკვები. აღნიშნულ ფერმაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები დაავადების - ჯილეხის ვაქცინაცია უკვე დაიწყო. წინა წლებში ჯილეხზე შექმნილი მძიმე ეპიზოოტიური სიტუაციის გამო ქვემო ქართლის რეგიონში ვაქცინაცია წელს მასიურად განხორციელდება. წელიწადში ორჯერ აიცრება 270 516 სული მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი. ამ ეტაპისთვის რეგიონში უკვე ვაქცინირებულია 40 252 სული“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.
ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში, გამომდინარე ჯილეხის გავრცელებისა და არაიმუნური ცხოველების დაავადების მაღალი რისკიდან (როგორიცაა ცხოველთა სამარხები, ჯილეხის აღმძვრელით დაინფიცირებული სხვადასხვა კერები, გადასარეკი ტრასების მიმდებარე ტერიტორიები), ვაქცინაცია ჩატარდება ჯილეხზე არაკეთილსაიმედო ტერიტორიებზე - მანიფესტურ კერებში. აცრები ჩატარდება იმ სოფლებში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილი ჰქონდა ადამიანის ჯილეხით დაავადების ფაქტს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯილეხის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდება 674 783 სულ ცხოველს. დღეისათვის უკვე ვაქცინირებულია 43 944 სული.
,,ჯილეხის პარალელურად, ქვემო ქართლის რეგიონში ცხოველის განსაკუთრებით საშიში დაავადების თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდება 270 144 ცხოველს. ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს და ამ ეტაპზე აცრილია 27 156 სული ცხოველი. ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის - „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება. მთელი ქვეყნის ტერირორიაზე თურქულის ვაქცინაცია ჩაუტარდება 1 528 432 სულ მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაურ ცხოველს. ცხოველთა იმუნიზაცია მოსახლეობისთვის უფასოა, ხოლო ვაქცინა უსაფრთხოა პირუტყვის ჯანმრთელობისათვის“, - აღნიშნა მიხეილ სოხაძემ.
ჯილეხი და თურქული ცხოველთა განსაკუთრებით საშიში, ადამიანისა და ცხოველის საერთო, გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაფიქსირების შემთხვვაში სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, ამ დაავადების ქვეყანაში შემოჭრა-გავრცელების არსებული რისკებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია წელიწადში ორჯერ ჩატარდება.
ვაქცინაციის პარალელურად, განხორციელდება მსხვილფეხა პირუტყვის აღრიცხვა-იდენტიფიკაციის სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებების სრულფასოვნად ჩატარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასაქმდა 500-მდე ვეტერინარი. ისინი მიმდინარე წლის ბოლომდე ჩართული იქნებიან ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიების მიმდინარეობაში.