„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მიზნით გამართული, პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ფონდში ჯამში შემოვიდა 141 განაცხადი, საიდანაც შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 პროექტი აარჩია. შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი 11-ვე პროექტის განხორციელებისთვის „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ 250,000 ლარს გამოყოფს. გამარჯვებული პროექტები მიმართულია შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმაზე, საგანმანათლებლო აქტივობაზე და ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
“საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ პირველ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებია: დედაენისა და მათემატიკის განმავითარებელი კრებულის გამოცემა; სენსორული სათამაშოებისა და მათი დამზადების სახელმძღვანელოს შექმნა; სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის ჟესტური ენის სწავლება; მძიმე აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის სპეციალური სასწავლო კლასის მოდელის შექმნა; სოფელ გრემში არსებულ შშმ პირთა თემში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; ანიმაციური ფილმების გახმოვანება უსინათლო ბავშვებისთვის; შშმ ახალგაზრდების გადამზადება ინკლუზიური ტურიზმის მენეჯმენტში მათი მომავალი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; ეტლით მოსარგებლე შშმ ბავშვთათვის ადაპტირებული საქანელების განთავსება თბილისსა და რეგიონებში. შშმ ბავშვების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენის „ჰელადოსი“ დადგმა; შშმ ბავშვებისთვის ქართული სასწავლო
აპლიკაციის შექმნა უნარების განვითარებისთვის; ანაკლიის თემში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის სკოლის ადაპტაცია და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა,
გამარჯვებულ პროექტებს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ სიცოცხლის ხის სტატუსს მიანიჭებს. სიცოცხლის ხე არის სიმბოლო ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების.
ხსენებული გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“.