არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" გამოდის ინიციატივით, რომ 2014 წელი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, კერძოდ კი "შაჰ დენიზი-2"-ის და "ხუდონის" პროექტების წლად გამოცხადდეს. ამ ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ეხმაურება:
„შაჰ–დენიზის მეორე ფაზისა და ხუდონჰესის პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამომდინარე აქედან 2014 წლის მსხვილი ენერეგეტიკული პროექტების წლად გამოცხადების ინიციატივას მივესალმებით, რადგან სწორედ ენერგეტიკა არის იმ ერთ–ერთი სფეროთაგანი, რომელსაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია. ამასთან მსგავს მსხვილ პროექტებს თან ახლავს უამრავი სამუშაო ადგილის შექმნა. დაბალი ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციების ნაკლებობისა და 16%–იანი უმუშევრობის პირობებში, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხოციელება, რომლებიც გარდა ეკონომიკური და სოციალური სარგებლისა, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაშიც დიდ წვლილს შეიტანენ.
ზოგადად, მსხვილი ინფრასტრუქტუტული პროექტების შესახებ საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. გამომდინარე აქედან, ხშირად არასწორი ინფორმირების გამო მოსახლეობა უარყოფითად უდგება მსგავსი ტიპის პროექტებს. თუ 2014 წელს მთავრობა აქცენტს მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე გააკეთებს და საზოგადოების კარგად ინფორმირებას მოახდენს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჯანსაღი განხილვებისა და მსჯელობის შედეგად ყველა სიტუაციიდან შესაძლებელია გამოსავლის მოძებნა. გამოსავალი კი უნდა იყოს ისეთი, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ის დიდი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც ეს პროექტები მოიტანს, ხოლო საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ დარჩეს უკმაყოფილო, რომ ხელისუფლება რაიმეს მათ საწინააღმდეგოდ აკეთებს“ – განაცხადეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“.