"ხუდონჰესის ინვესტორ კომპანიასთან შეხვედრა ძალიან კარგი იყო"

რა შეფასებას აკეთებს ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი მას შემდეგ, რაც ის ინვესტორ კომპანია "ტრანს ელექტრიკას" შეხვდა, რა საბუთები და ფაქტები არ ჰქონდა ომბუდსმენის ოფისს, როდესაც ხუდონჰესის შესახებ ანგარიშს ამზადებდნენ და რას ფიქრობს უჩა ნანუაშვილი აღნიშნულ პროექტზე, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მან "პალიტრა ტვ" -ს ეთერში, "ემას შოუში" ისაუბრა.

"ხომ არ იყო ომბუდსმენის ოფისის ანგარიში ხუდონჰესთან დაკავშირებით ნაჩქარევი, რადგან ის მანამდე დაიწერა, სანამ სახალხო დამცველი ინვესტორ კომპანიას შეხვდებოდა და მათ არგუმენტებს მოისმენდა", - უჩა ნანუაშვილმა განაცხადა

"ჩვენს ანგარიშში მივუთითებდით, რომ არ არსებობდა მოსახლეობის განსახლების გეგმა და კომპენსაციების შესახებ დეტალური სქემა, რომელიც ჩვენ არც ახლა გვაქვს, როგორც ჩანს, ეს საკითხი შემუშავების სტადიაშია.

რაც მთავარია, ინვესტორ კომპანიასთან შეხვედრის დროს აღმოჩნდა, რომ გაფორმებულია რამდენიმე ხელშეკრულება საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც ენერგეტიკის, ასევე ეკონომიკის სამინისტროებთან. ეს არის ჩვენი შესწავლის საგანი და დეტალური ინფორმაცია უკვე საპარლამენტო ანგარიშში აისახება.

ინვესტორ კომპანიასთან შეხვედრა ძალიან კარგი იყო, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მივიღეთ უშუალოდ იმ კომპანიისგან, ვინც ამ სამუშაოს ასრულებს. საბოლოო დასკვნა ძალიან მალე იქნება და იქ გამოჩნდება, რამდენად არის ეს პროცესები სამართლებრივად მომზადებული.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევალთ დისკუსიაში რომელიმე კომპანიასთან გარემოს დაცვის საკითხებზე, მაგრამ როდესაც საუბარია მოსახლეობის უფლებებსა და სამართლებრივი პროცედურების დაცვაზე, ამ მიმართულებით საკითხის შესწავლას გავაგრძელებთ." - განაცხადა ნანუაშვილმა.