სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი აგროდაზღვევის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ესპანური სადაზღვევო კომპანიების, კერძო სექტორის (სადაზღვევო, საბანკო) წარმომადგენლები და ფერმერები.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში აგროდაზღვევის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის დაწყება. ღონისძიებაზე განიხილეს აგროდაზღვევის სტრატეგიული განვითარების გზები. ესპანური სადაზღვევო კომპანიების Agrosuguro-ს და Mapfre-re-ს ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას ესპანეთში აგროდაზღვევის სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
აგრარული სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აგრო დაზღვევის განვითარება მიიჩნევა, რაც სასოფლო-სამეურნეო აქტივობაში ჩართული მოსახლეობის შემოსავლების სტაბილიზაციას ახდენს. ესპანური კომპანიის Agrosuguro-ს ექსპერტთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა აგრარული და აგრო-სადაზღვევო სექტორების მდგომარეობა და ქართველ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა რეკომენდაციები ქვეყანაში აგრო დაზღვევის სტრატეგიის განვითარებისთვის.
„აგროდაზღვევა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის კადასტრის, ბონიტირების არ არსებობისა და ქვეყნის გეო-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიებისთვის აგროდაზღვევა მაღალრისკიანი პროდუქტია. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ჩვენ დავიწყეთ ორი დიდი პროექტი და შევქმენით სასტარტო საინფორმაციო ბაზა მცირემიწიან ფერმერთა კუთვნილი ფართობების, წარმოებული პროდუქციის, ასევე აგროკრედიტის პროექტში ჩართული კომპანიების შესახებ. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაეხმარება სადაზღვევო კომპანიებს დაიწყონ აგროდაზღვევის საკითხებზე მუშაობა. ამასთან აუცილებელია, ნელ-ნელა გამოვიდეთ სასოფლო-სამეურნეო დარგების პირდაპირი სუბსიდირებისაგან და მომავალში სახელმწიფოს დახმარებით ხელი შეეწყოს აგროდაზღვევის სისტემის განვითარებას“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.
კონფერენცია "აგროდაზღვევა - კონცეფციიდან განხორციელებამდე" საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის და აშშ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით გაიმართა.