ხუდონჰესის აშენებით ენგურჰესის და ვარდნილჰესის საპროექტო სიმძლავრე საგრძნობლად იზრდება. შედეგად, გაზრდილი სიმძლავრის ხარჯზე შესაძლებელი ხდება სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად ათობით მილიონი აშშ დოლარის ეკონომია საშუალება გაუჩნდეს. ამის თაობაზე კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ (სიპი) ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ გააკეთა.
„საუბარი იმაზე, რომ ხუდონჰესის აშენების შემდეგ საქართველოს ენერგო სისტემა მხოლოდ დამატებით 133 მილიონ კვტ/სთ. ელექტროენერგიას მიიღებს და ეს იქნება მაქსიმუმი და სხვა სარგებელს არც ქვეყანა და არც საზოგადოება არ უნდა ელოდოს, არის ფაქტების შეგნებული დამახინჯების მცდელობა და საზოგადოების შეცდომაში შეგნებულად შეყვანა. ზამთრის თვეებში ხუდონჰესის მიერ სახელმწიფოსთვის წინასწარშეთანხმებული 5,84 ცენტად მიწოდებული 133,9 მლნ. კვტ/სთ–ის გარდა, ამ პროექტის ამოქმედება საშუალებას იძლევა ენგურჰესის და ვარდნილჰესის სიმძლავრე კიდევ დამატებით 470 მლნ. კვტ/სთ–ით გავზარდოთ. და ეს ყველაფერი, ენგურჰესსა და ვარდნილჰესში ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების ჩადების და ზედმეტი სახელმწიფო დანახარჯების გარეშე. ყველაზე საყურადღებო და ანგარიშგასაწევი კი, ის არის, რომ ეს სქემა საშუალებას იძლევა პიკურ პერიოდში ნაწილობრივ ჩავანაცვლოთ რუსეთიდან იმპორტირებული ე.წ. 10 ცენტიანი ელექტროენერგია საქართველოში გამომუშავებული გაცილებით იაფი ელექტროენერგიით. კერძოდ, ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული 1,1 ცენტიანი 470 მლნ. კვტ/სთ. ელექტროენერგიით და ხუდონჰესის მიერ სახელმწიფოსთვის მიწოდებული 5,84 ცენტიანი 133,9 მლნ. კვტ/სთ. ელექტროენერგიით. ამ პირობებში, სახელმწიფოს მიერ დაზოგილი თანხა მარტივი დასათვლელია – მხოლოდ ამით, სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად 33,1 მილიონ აშშ დოლარის ეკონომიას გააკეთებს. ოპონენტების საყურადღებოდ – ეს სახელმწიფოს და საზოგადოების მიერ მისაღები სიკეთე და ბენეფიტი არ არის?! რა თქმა უნდა, არის. და თან, ძალიან მნიშვნელოვანი და ეკონომიკური კონტექსტის გარდა, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების კუთხით სტრატეგიული დატვირთვის მატარებელი!“ – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.