ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ”საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს” მფლობელი გახდა. სწავლების ცენტრმა ნომინაციაში ”პირველი ამომრჩეველი” გაიმარჯვა, რომელზეც ფინალისტებად ასევე იყვნენ წარდგენილი რუმინეთი და პერუს რესპუბლიკა.
ფინალისტთა შორის გამარჯვებულების დასახელება და დაჯილდოების ცერემონია, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, 4 დეკემბერს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში შედგა. ნომინაცია ”პირველი ამომრჩევლის” ჯილდო სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა მიიღო.
მსოფლიო დონის წარმომადგენლობით კონკურსში 15 ნომინაციაზე სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების ფინალისტები შეირჩნენ. კონკურსანტებს შორის იყვნენ განას, კენიის, პერუს რესუბლიკის, მოლდოვას, ნიგერიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთის, სლოვენიის, მონღოლეთის წარმომადგენლები.
ნომინაციაზე ”პირველი ამომრჩეველი” სწავლების ცენტრს წარდგენილი ჰქონდა პროექტი, რომელშიც ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო კულტურის განვითარების მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობებია ასახული, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტებში დანერგილი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი - „სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“.
”საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2013” რიგით მეშვიდე საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში შედგა. ორდღიან სიმპოზიუმს ცესკოს დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით ესწრებოდა. სიმპოზიუმზე ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებს, არჩევნების მართვის პრინციპებს, არსებულ გამოწვევებს და მათი გადალახვის საუკეთესო გზებს განიხილავენ.