დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობას დაესწრო, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებები უსურვა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის პერიოდი შეაფასა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადამიანმა რომელმაც ორი წლის წინ მთელი პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა, დღეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ნაბიჯი გადადგა. "ჩვენ ვხედავთ უპერეცედენტო შემთხვევას- ადამიანმა, რომელმაც ორი წლის წინ პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა და ქვეყნის ისტორია შეცვალა, აბსოლუტურად გასაოცარი, გამაოგნებელი, მორალური და საზოგადოებრივი ნაბიჯი გადადგა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა დატოვა და საზოგადოების რიგითი წევრი ხდება. მე ვფიქრობ, რომ ყურადღებით უნდა შევხედოთ ამას და ამ ნაბიჯით ბევრი რამ ვისწავლოთ,” -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობაც გადაუხადა.