დღეს საკრებულოში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად იმ მოქალაქეების განცხადებები განიხილა, რომლებმაც კომისიას საკუთრების დამტკიცების თხოვნით მიმართეს.
"დღევანდელ სხდომაზე განსახილველად 79 საკითხია წარმოდგენილი, რომელთაგან 50 ძირითადი, ხოლო 29 გადადებული საკითხია.
მოგეხსენებათ, რომ მიწის ლეგალიზაციის აღიარების კომისიის სხდომა ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს იმართება და ამჯერადაც, წარმოდგენილი საბუთებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კომისიის წევრები საკითხს მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვეტენ’’,–განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ბესარიონ ბენდელიანმა.
კომისიის სხდომას განმცხადებლები პირადად ესწრებოდნენ და მათ საკითხებთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს უშუალოდ ისმენდნენ.მერიაში არსებული მიწის ლეგალიზაციის კომისია ამჟამად საკრებულოში გადმოვიდა, უკვე რამდენიმე თვეა მუშაობას შეუდგა და ასობით ადამიანს მიწის საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.