სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე "ჰამბურგის სავაჭრო სახლ დეჰაგედან", ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე - ი/მ "ნანი კალანდიას" და ი/მ "ნონა კროპაძის" მარკეტებიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ვადაგასული პროდუქტები - რძე, თაფლის "ფანტელი", საკონდიტრო ნაწარმი, სხვადასხვაწარმოების სოსისი და კარაქი, ყველი, ორცხობილა (რომელსაც რეალიზაციის ვადა შეცვლილი ჰქონდა), ჩიპსი, ხაჭოს დესერტი, იოგურტი, ნამცხვარი ამოიღეს. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება. ამასთან, ი/მ "ნონა კროპაძე" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე სურსათის რეალიზაციისათვის 300 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, ასევე 300 ლარით დააჯარიმეს გაგარინის ქუჩაზე მდებარე ი/მ "კობა მჭედლიშვილი", რომელიც ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა შაურმის რეალიზაციას.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შეახსენებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და დისტრიბუტორ მეწარმეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში.