ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის ბოლო დღე აქვს. ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შესრულებას რამდენიმე საათში, იმ მომენტში დაასრულებს, რაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი შემცვლელის – ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს.
ამასთან, ჯერ უცნობია, საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გააკეთებს თუ არა განცხადებას ბიძინა ივანიშვილი.
ამასთან, რაც შეეხება პოლიტიკას, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ოფიციალურად 24 ნოემბერს, პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის შემდეგ წავა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საზოგადოებას 2011 წლის 5 ოქტომბერს, ერთწინადადებიანი განცხადებით აცნობა.
"მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ეს იყო ბიზნესიდან პოლიტიკაში მისი გადანაცვლების შესახებ ანონსი, რომლის მიზეზიც ვრცლად ორი დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს გავრცელებულ წერილში განმარტა.
"2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მე მივიღე გადაწყვეტილება, დახმარება გამეწია ოპოზიციური ძალებისთვის და სწორი არჩევანის გასაკეთებლად სერიოზულ დაკვირვებას ვაწარმოებდი, თუ ვის და როდის დავხმარებოდი. დავრწმუნდი, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს: - ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება. გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს.
- პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული. - დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ. - პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.
- შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას. - ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი - ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. - დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.
- გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია... სრულ და დაზუსტებულ ჩამონათვალს, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, საზოგადოება მომავალი პარტიის პროგრამაში იხილავს",- წერდა ბიძინა ივანიშვილი. ამასთან, ის ამავე წერილში განმარტავდა, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაახლოებით ორიდან სამ წლამდე პერიოდი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც ის პოლიტიკიდან წავიდოდა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებისა და მის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა.
"იმედის და გამარჯვების რწმენის გაჩენა", - ასეთი იყო შეფასებები, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა. შედეგად საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოქმედი მმართველი ძალა – "ნაციონალური მოძრაობა" საკმაოდ დიდი უპირატესობით დაამარცხა – ბიძინა ივანიშვილის გუნდი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით შევიდა, ჩამოაყალიბა მთავრობაც.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ახალ ხელისუფლებას კოჰაბიტაციურ რეჟიმში მოუწია მუშაობა. ამავე რეჟიმის ფარგლებში ივანიშვილი ორჯერ შეხვდა მიხეილ სააკაშვილსაც.
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მის პირველ წერილში დადებული პირობა ივანიშვილმა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში შეახსენა. მოსახლეობამ 27 ოქტომბერს უკვე იცოდა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ საკუთარ თანამდებობას ივანიშვილი სხვას გადაულოცავდა. დაახლოებით ორი კვირის წინ დაასახელა მან მემკვიდრე და მთავრობის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ივანიშვილი პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადადის და, როგორც თავად აცხადებს, მის გასავითარებლად მუშაობას 20-წლიანი გეგმის მიხედვით აპირებს.
პოლიტიკიდან მისი წასვლისადმი კრიტიკულად განწყობილებს ბიზნესმენი, დღეის შემდეგ ყოფილი პოლიტიკოსი და სამოქალაქო სექტორის მომავალი აქტიური წევრი შემდეგი სიტყვებით პასუხობს: "მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ".