გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას უცხოური მედია ეხმაურება

გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას უცხოური მედიაც ეხმაურება. როგორც "ასოშიეითედ პრესი" აღნიშნავს, საქართველოში ფილოსოფოსი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. სააგენტო ასევე წერს, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს მცირე პოლიტიკური გამოცდილება აქვს.

"ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს. ის არის ადამიანი, რომელსაც დიდი პატივს ვცემ და დიდი გავლენა აქვს ჩემზე, რადგან მე პატივ ვცემ და ვენდობი მას. ასე რომ, მისი ნებისმიერი პოზიცია ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება", - ციტირებს "ასოშიეითედ პრესი" გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუდან კომენტარს.

როგორც ბრიტანული The Independent წერს, საქართველოს ახალ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, წინამორბედისგან განსხვავებით, ბევრად შემცირებული უფლებამოსილებები ექნება.

ბრიტანული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, ბატონ მარგველაშვილს სრული კონტროლი ექნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.

"მაგრამ სავარაუდოდ, ქვეყნის რეალური მმართველი ექსცენტრიული და ხშირად გულფიცხი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება", - წერს ბრიტანული The Independent-ის ჟურნალისტი მაქსიმ ტაკერი.

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურო კი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლას, რაც როგორც გამოცემა აღნიშნავს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანი იყო.

გიორგი მარგველაშვილის პროდასავლურ კურსზე საუბრობს სააგენტო "როიტერიც". სააგენტო ასევე ციტირებს საქართველოს ახალი პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს ხელისუფლება მზად არის რუსეთთან დიალოგი გააღრმავოს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან ერთად.

რუსული "ბიბისი" კი წერს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიამ მოკრძალებულად ჩაიარა და წინა ცერემონიებისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაკლები პომპეზურობით არ გამოირჩეოდა.

"ასე მაგალითად, ერთობ საკვირველი იყო, რომ არ ფრიალებდა ევროკავშირის დროშები. მარგველაშვილის წინამორბედის დროს, ევროკავშირის დროშები ნებისმიერი ოფიციალური ცერემონიისა და მაღალი რანგის პოლიტიკოსის გამოსვლის აუცილებელი ატრიბუტი იყო, რაც ხაზს უსვამდა საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობისკენ სწრაფვას. ამჯერად კი საქართველო ახალი ხელისუფლება მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკებით შემოიფარგლა", - აღნიშნავს რუსული "ბიბისი" და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, გიორგი მარგველაშვილის საინაუგურაციო სიტყვა მიუთითებდა, რომ ახალ ხელისუფლებას პროდასავლური კურსი აქვს.