დღეს, 18 ნოემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება თვითნასწავლი მხატვრის ზურა (ზურიუს) ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
აბსტრაქტული და სურეალისტური ჟანრის მოყვარულებს ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების დათვალიერებისა და ყიდვის შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ. გამოფენა-გაყიდვა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ახალგაზრდა მხატვარი ხატავს ფერადი ფანქრებით, კალმებითა და პასტელით. ზურა ბალანჩივაძის ნამუშევრების უმეტესობა აბსტრაქტული და სურეალისტური ჟანრისაა, რომელთაც საფუძვლად ადამიანის სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა უდევს. მუსიკა ზურას შთაგონების წყარო და მორიგი გატაცებაა. ძირითადად უსმენს კლასიკურ მუსიკას, ოპერას და როკს, რომელთა გავლენითაც ხატავს. ზურა ასევე გატაცებულია მღერითა და კლასიკური სტვენით.
25 წლის ზურა ბალანჩივაძე თვითნასწავლი მხატვარია. ხატავს 3 წლის ასაკიდან, თუმცა ამ სფეროში სისტემატური განათლება არასდროს მიუღია. პროფესიით ჟურნალისტია. დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი (ჯიპა), ხოლო ამჟამად მუშაობს კომპანია „ჯეპრაში“ სოციალური მედიის მენჯერის თანამდებობაზე.