"საქართველო და მოლდოვაც ევროკავშირის გონებაში", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal ნაფტალი ბენდევიდის სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რამდენადაც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა სათუო გახდა, ევროკავშირის ლიდერებს სასაწრაფოდ სჭირდებათ ვილნიუსის სამიტისთვის კარგი ამბები აღმოსავლეთ მეზობლებისგან.
ნაფტალი ბენდევიდის თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება იქნება, რაც ხელმოწერამდე გადადგმული წინასწარი ნაბიჯია. ევროპელი ლიდერები ამ ნაბიჯს კიდევ უფრო ამყარებენ იმის განცხადებით, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ერთ წელზე ნაკლებ ვადაში, 2014 წლის სექტემბრისთვის გეგმავენ.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ იმედოვნებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დაგეგმილ ვადებში მოხდება, თუმცა 100%-იანი გარანტია არაფერს აქვს.
"ვიმედოვნებ, რომ ამ 10 თვის განმავლობაში, სექტემბრამდე არაფერი მოხდება. კვერცხები უკვე გვაქვს და იმედია, შემოდგომაზე წიწილებიც გვეყოლება", - ციტირებს ავტორი მაია ფანჯიკიძის სიტყვებს.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ვილნიუსის სამიტამდე თითქმის მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, რომელსაც ევროკავშირთან ურთიერთობა დაეძაბა ქვეყნის ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს პატიმრობიდან გათავისუფლების გამო, რასაც ევროკავშირი უკრაინისგან მოითხოვს.
ნაფტალი ბენდევიდი ასევე წერს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსისა და აზერბაიჯანისთვის ვილნიუსში არაფერი შეიცვლება, სომხეთმა კი ცოტა ხნის წინ ევროკავშირი შოკში ჩააგდო რუსეთთან დაკავშირებული განცხადებით. ავტორის თქმით, ვილნიუსში წარმატება საქართველოსა და მოლდოვას იქნება, რომლებიც ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ.
როგორც "უოლ სტრიტ ჯორნალის" ავტორი აღნიშნავს, აშშ თვალყურს ადევნებს ამ ქვეყნების წინასვლას და ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ მიესალმება უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.
"რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რუსეთი ზეწოლას ახდენს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე და მათგან ევროკავშირზე უარის თქმას მოითხოვს. თუმცა ქართველი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთს მათზე მცირე ბერკეტებიღა გააჩნია", - წერს ნაფტალი ბენდევიდი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო გასული თვე, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდტმა გაიმარჯვა.
"თუმცა, საქართველო რამდენიმე გაურკვევლობით სავსე თვის წინაშე დგას. მილიარდერი ბიზნესმენი ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში გასულ წელს მოვიდა, მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას გეგმავს. მისი თქმით, საქართველო ტრადიციული მესია-ლიდერებისგან უნდა გათავისუფლდეს", - წერს სტატიის ავტორი.
ნაფტალი ბენდევიდი ასევე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის წარდგენილი მემკვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 31 წლისაა და ოპოზიცია მას გამოუცდელობის გამო აკრიტიკებს. მისივე თქმით, ოპოზიცია აცხადებს, რომ ბატონი ივანიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყანას კულისებიდან მართავს, თუმცა თავად ივანიშვილი ამას უარყოფს.
"კითხვები არსებობს საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, ქარიზმატული და პროდასავლური მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მასთან დაახლოებული პირები პოლიტიკური მოტივების გამო შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარდგნენ", - წერს ავტორი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის კომენტარს ციტირებს, რომელიც ირწმუნება, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება.