აშშ მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სუვერენულ უფლებას, აირჩიონ თავიანთი მომავალი და მივესალმებით მათ მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, აშშ მუშაობდა, რათა დახმარებოდა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, შეესრულებინათ მკაცრი მოთხოვნები ვილნიუსის სამიტზე თანხმობის მისაღებად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, 28-29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე, ევროკავშირის წევრები გადაწყვეტენ, მოაწერონ თუ არა ხელი ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უკრაინასთან, ასევე მოახდინონ თუ არა პარაფირება მოლდოვასთან და საქართველოსთან.
"სამივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მათი ოცნებისკენ - ევროპაში სრული ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სენატში გამოსვლისას აღნიშნა, 2012 და 2013 წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჭეშმარიტად კონკურენტული ეროვნული არჩევნებისადმი, რომლის შედეგიც ძალაუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაბარება იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.
"თუმცა, კვლავაც რჩება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, როგორიც რუსეთის მიერ საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მოგვარება, ადამიანების იძულებით გადაადგილების გაჭიანურებული პროცესი, მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობის შემდგომი გაძლიერების საჭიროება და ეკონომიკური მდგომარეობაა, რომელსაც დამატებითი ყურადღება სჭირდება", - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.
მისივე თქმით, აშშ უერთდება ევროკავშირისა და ნატო-ს პროტესტს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ასევე ვუერთდებით ევროკავშირისა და ნატო-ს პროტესტს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ახალი ღობეებისა და ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვასთან დაკავშირებით. ეს არ შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებს და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარებით საქართველომ ვაჭრობა წამოიყო დასავლეთის ბაზრებზე და გაზარდა ენერგოეფექტურობა.
ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ევროკავშირთან ერთად აშშ მუშაობს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას.