სახალხო დამცველი ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. მის, როგორც წინა წლების, ასევე ბოლო, 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი ძირითად პრობლემად განიხილავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობას, რაც სხვა წინააღმდეგობებთან ერთად, სათანადო საცხოვრისის უფლებით სარგებლობისთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს. სახალხო დამცველისთვის თბილისის მერიიდან მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში თვითმმართველობის ორგანოს თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით 7 657 ოჯახმა მიმართა, საიდანაც 2012 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.
უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის არარსებობის პირობებში, საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის 25 ოქტომბრის განცხადებით მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა, მისი შესრულება ვერ ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგიის და გეგმის არარსებობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მიეღოთ ყველა ზომა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
სათანადო საცხოვრისის უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე საქართველოა და შესაბამისად, აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს თითოეულის უფლება "ჰქონდეთ სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა... მონაწილე სახელმწიფოები... მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის". ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოთა ვალდებულებაა ყოველი ადამიანი უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო დონით. ევროპის სოციალური ქარტია, გარდა ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებისა, სახელმწიფოებს აკისრებს უსახლკაროთა შემცირებისა და ეტაპობრივი აღმოფხვრის მოვალეობას.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაცია "იდენტობის" ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
მინისტრს საკითხი განხილული აქვს უსახლკარო ბავშვების დახმარების ჭრილში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის პირველად განცხადებაში, რომელიც მათ ვებ–გვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის გახსნას "ყველაზე გაჭირვებული, მრავალშვილიანი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ". აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის შეფასება ორგანიზაცია "იდენტობის" ინიციატივის არასწორ განმარტებას ეფუძნება.
გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, "მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით".
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის "იდენტობა" ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს", - ნათქვანია ომბუდსმენის განცხადებაში.