საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია BBC-ს შემდეგ, რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემა „Воскресное Время“-ს ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა.
არჩეული პრეზიდენტი რუსეთის პატრიარქის მილოცვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო კარგი ფონი ორი მართლმადიდებელი ერისთვის „ ეს იყო ხაზგასმა იმ ფაქტის, რომ ის იარები , რომლებიც შექმნეს პოლიტიკოსებმა , უნდა შეხორცდეს იმ ადამიანების მიერ, ვინც ორიენტირებულია კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.“
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით პოლიტიკოსებმა ხელი არ უნდა შეუშალონ ხალხებს შორის ურთიერთობებს , უნდა შეიქმნას ფონი, სადაც ბიზნესი, კულტურული და ნათესაური კავშირები თავის ნაყოფს გამოიტანს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ახალმა ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მოხსნის ასპექტში უკვე გადადგა ნაბიჯი, მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის დანიშვნით და სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობით : „ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები და განვაცხადეთ , რომ შევეცდებით გადავიყვანოთ ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობებიდან რაციონალურ ჩარჩოში.“
ჟურნალისტის შეკითხვაზე, უგულშემატკივრებს თუ არა არჩეული პრეზიდენტი სოჭში ქართველ სპორტსმენებს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკითხი არის ღია და განიხილება გუნდის შიგნით. „ჩვენ ვუყურებთ ოლიმპიადას მოლოდინით, რომ კეთილი, სპორტული სულის ემოციები სტარტს მისცემს ახალ ურთიერთობებს, არამხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში’’,-განაცხადა მარგველაშვილმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება პრობლემატური წერტილიდან იწყება „ ჩვენ ვიწყებთ ძალიან პრობლემატური წერტილიდან, როცა უკვე სამწუხაროდ, ძალიან ტრაგიკული მოვლენებია მომხდარი. ახლა შევეცდებით, ხელახლა არ მივაყენოთ ტკივილი ერთმანეთს, შევეცდებით ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს გადაწყვეტადია და ვისაუბროთ პერპექტივაზე – დავუბრუნდეთ კეთილმეზობლურ ურთიერთობების წერტილს.“-განაცხადა მარგველაშვილმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის „პირველ არხთან“ ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გარდა ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა და და აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზარი ღიაა რუსი ბიზნესმენებისთვის. „ ქართული პროდუქცია ბრუნდება რუსულ ბაზარზე და ესდიდი პოზიტივია. მაგრამ ჩვენ კიდევ ვქმნით ახალ ფორმატებს, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას რუსი ბიზნესმენებისთვის ინვესტიციები ჩადონ საქართველოში,როგორც ქვეყანაში, რომელსაც ექნება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროპასთან“- განაცხადა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე- მაშინ როდესაც საქართველო მიიწევს ევროპისკენ, როგორ იქნება გათვალისწინებული რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა: „საქართველოს ინტეგრაცია და ასოცირება ევროპასთან, არის ზუსტად რუსეთის ინტერესებში. სტაბილური ქვეყნასამხრეთის მიმართულებით რეალურად ქმნის შესაძლებლობას ურთიერთობების გაღრმავებისა და ასევე რუსეთის ფედერაციის სტაბილური განვითარებისათვის,რომელიც აქტიურად ავითარებს კულტურას, ეკონომიკას და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან.“