სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტრო ეხმაურება საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა მასიურად მიიყენეს თვითდაზიანებები.
სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. უწყება თხოვნით მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ სასჯელაღსრულების სისტემაში წამალდამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს და არ დაუშვან მსჯავრდებულთა მხრიდან თვითდაზიანებების და ფსიქოტროპული მედიკამენტების მოთხოვნის შესახებ გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება. აღნიშნული აფერხებს წამალდამოკიდებულების პრობლემის დაძლევას და ხელს უწყობს თვითდაზიანების შემთხვევების კიდევ უფრო გაზრდას, რაც თავის მხრივ დარტყმას აყენებს მსჯავრდებულთა ქირურგიული და თერაპიული მომსახურების, ნარკოლოგიური, C ჰეპატიტის მკურნალობის და სხვა პროგრამების მიმდინარეობას.
სინამდვილეში ადგილი ჰქონდა შემდეგ მოვლენებს: გასულ კვირას ორმა მსჯავრდებულმა სამედიცინო პერსონალს მიმართა ჩივილებით და მოითხოვა ფსიქიატრის კონსულტაცია. მათ ჩაუტარდათ ფსიქიატრის კონსულტაცია ინდივიდუალურად, გაკეთდა შეფასებები, მკურნალობის სქემის მოდიფიცირება და შესაბამისი ჩანაწერები სამედიცინო ისტორიაში.
ორივე მსჯავრდებულმა, იმის გამო, რომ ფსიქიატრმა საჭიროდ არ მიიჩნია მათი მოთხოვნის მიხედვით ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნა - პროტესტის ნიშნად წინამხარზე დაისერეს კანი. შემდგომში ისინი მოითხოვდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების -„დიაზეპამისა“ და „ზოლომაქსის“ მიწოდებას დანიშნულების გარეშე, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული სამედიცინო პერსონალის მიერ.
ორივე მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მიყენებული დაზიანებები არ იყო სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის სახიფათო, თუმცა მოხდა მათი ქირურგიული დამუშავება და ნახვევის დადება. ამ ეტაპზე ორივე მსჯავრდებული იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არ დასტურდება ცნობა შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების დიდი დოზით მიღების შესახებაც - პაციენტი, რომელსაც იმავე საკანში აღნიშნული მედიკამენტები ჰქონდა დანიშნული, მისთვის დანიშნულ დოზებს რეგულარულად იღებდა, შესაბამისად 210 აბის გადაცემას მესამე პირზე ვერ მოახერხებდა.
ფსიქოტროპული მედიკამენტების ავადმოხმარებას სასჯელაღსრულების სისტემაში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს ფენომენი გადაფარავდა წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებისა და ძალადობის პრობლემებს. შედეგად ასეულობით პატიმარი გახდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ამის გათვალისწინებით, სამინისტრომ დაიწყო აქტიური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოხდება დანიშნულებების რევიზია, წამალდამოკიდებულ პირთა მკურნალობა-რეაბილიტაცია და მედიკამენტების ბრუნვისა და კონტროლის გამკაცრება