ჯეპრას გამოკითხვაში პალიტრა, მაესტრო და ფორტუნა ლიდერობენ
24ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული რადიოების საინფორმაციო გადაცემების სმენადობის რეიტინგის დასადგენად პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრამ“ საინფორმაციო საიტების მომხმარებლის გამოკითხვა ჩაატარა.
სპეციალური კითხვარი 8 საინფორმაციო პორტალზე იყო განთავსებული და გამოკითხვაში მონაწილეობა 8836 ადამიანმა მიიღო. რადიოების საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით ლიდერი წინა გამოკითხვასთან შედარებით შეიცვალა და პირველ ადგილზე რადიო პალიტრა გავიდა (21,3%), რადიო მაესტრო მეორეზე (14,7%), ფორტუნამ (8.9%) შეინარჩუნა მესამე ადგილი, რადიო იმედი (8,8%) - მეოთხეზეა, აფხაზეთის ხმა (7%) - კვლავ მეხუთე ადგილზეა.
წინა გამოკითვასთან შედარებით, კითხვარში დამატებული იქნა 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორია, რამაც როგორც რესპოდენტთა დემოგრაფიულ, ასევე შემოსავლების სურათზე, გარკვეული გავლენა იქონია. გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში ასე გადანაწილდა: 18 წლამდე ასაკი -5,4 %, 18-24 წელი - 18,7%, 25-32 წელი - 26,5%, 33-45 წელი - 23%, 46-55 წელი - 16,1%, 56-64 წელი – 6,7%, 65+ წელი - 3,6%.
რესპოდენტების 69,6% დასაქმებულია, 11,7% - სტუდენტი, 5,3% - დიასახლისი, 3,2% - პენსიონერია, ხოლო 10,3 % - უმუშევარი. გამოკითხულთა უმრავლესობის (42,6%) ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარამდეა, 25,5%-ის შემოსავალი 1000 ლარამდეა, 1000-დან 2000-მდე ლარის შემოსავალი აქვს 16,3%-ს და 2000 ლარზე ზევით შემოსავლების მქონე პირები კი გამოკითხულთა 15,6 პროცენტს შეადგენდა.
წინა გამოკითხვასთან შედარებით, გაიუმჯობესა რეიტინგი რადიო „კომერსანტმა“, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს-ნიშური რადიოა, მჭიდროდ მიუახლოვდა საერთო მაუწყებლობის ფორმატის მქონე რადიოების ხუთეულის ჯგუფს, გაიზარდა საზოგადოებრივი რადიოსა და მწვანე ტალღის რეიტინგიც. შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელმაც კითხვარის ჩამონათვალში დასახელებული რადიოების ნაცვლად მიუთითეს „სხვა რადიო“ (გამოკითხულთა მხოლოდ 19,9%). საინტერესოა, რომ ჯეპრას ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეთა 61,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენს.
„მეორე საპილოტო ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვართ. საინფორმაციო საიტების მომხმარებლებმა აქტიურობა გამოიჩინეს. მეთოდოლოგიისა და კითხვარის დახვეწამ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება მოგვცა, რის საფუძველზეც უკვე თებერვლის თვეში სრულმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ გამოკითხვის ტექნიკურ სრულყოფაზე, გვსურს, რომ გამოკითხვის შედეგები უფრო გამჭვირვალე და მყისიერად ცნობილი გახდეს როგორც თითოეული რესპოდენტისთვის, ასევე ვებ-საიტების ყველა მომხმარებლისთვის“, - განაცხადა „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.
„გამოკითხვის ჩატარების პირველსავე ეტაპზე ვთქვით, რომ მას მაღალი ხარისხის რეპრეზენტატიულობაზე პრეტენზია არ ექნებოდა და კლასიკურ სოციოლოგიურ კვლევას ვერ ჩაანაცვლებდა. თუმცა, გამოკითხვის შედეგებში არსებული ცდომილების შემცირება კვლევის მასშტაბებისა და განმეორებითი კვლევების რაოდენობის გაზრდით იქნება შესაძლებელი.
მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ონლაინ-გამოკითხვები, რომელთაც მომხმარებელთა ქცევის შესასწავლად და მათ მოლოდინებზე უკუკავშირის მისაღებად იყენებენ. საქართველოში ინტერნეტის პენეტრაციისა და შესაბამისად, ინტერნეტ-მომხმარებლების რიცხოვნობის ზრდა, საუკეთესო ბაზას გვაძლევს შედარებით იაფი და მრავალრიცხოვანი გამოკითხვის ჩატარებისთვის. ჩვენი დიდი სურვილია, საპილოტე კვლევის შემდეგ რადიოსადგურებთან და ვებ-პორტალებთან ერთად მოხდეს კვლევის მეთოდოლოგიის შეჯერება, ყველა არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და სინდიკატური კვლევის ჩატარება“, - აცხადებენ ჯეპრაში.