ძვირფასო მიშა, მომენატრები. ცუდად არ გამიგო, მიხარია, რომ შენი ერა დასრულდა. უბრალოდ, ძნელია საქართველოს წარმოდგენა შენ გარეშე.
პირველად საქართველოში 2001 წელს ჩამოვედი და შავ-ბნელი წლების მიწურულს მოვესწარი, როდესაც ჩემს თვალწინ უთანხმოება ნელ-ნელა გადაიზარდა ერთიან შეთქმულებაში და ანტი-სამთავრობო მოძრაობაში. მახსოვს, როცა შემოხვედი ბარში „ნალი“ და ხალხმა ჩურჩული დაიწყო: „სააკაშვილი. სააკაშვილი“. შენ იყავი გამბედავი, ცეცხლივით მგზნებარე და გაგაჩნდა ეგო, რომელიც მწვერვალზე აგიყვანდა.
2003 წლის 2 ნოემბერის არჩევნებში დამკვირვებელის რანგში ვიყავი, სწორედ იმ დღეს, რომელმაც შენი და ჩემი ცხოვრება შეცვალა. კორუფცია ქართული ხასიათის ერთ-ერთი „ეგზოტიკური“ ნაწილი მეგონა, სანამ გავხდებოდი ხალხის მიერ მიცემული ხმების ტოტალური გაყალბების მოწმე. აღშფოთებული ვიყავი. იმ დღეს მეც ქართველი გავხდი. გახსოვს ის უზარმაზარი დროშა, კანცელარიასთან რომ აფრიალდა მაშინ, როცა შენ იერიშით აიღე პარლამენტი? ეს მე ვიყავი, ძმაო. მე მხარს გიჭერდი. გახსოვს, როგორ გაიფიქრე: „ვახ! ნუთუ ეს მართლა ხდება?“ მთელი ერი იმ ეიფორიულ აღმაფრენას განიცდიდა, რომელმაც საბოლოოდ მასიურ პიკს მიაღწია, თითქოს და 12-წლიანი წყვდიდადის შემდეგ ყველას გონება ერთბაშად გაუნათდაო.
შემდგომი ორიოდე წლის განმავლობაში მზად ვიყავი, ხარვეზები მეპატიებია შენთვის. მაგრამ ერთხელაც, 2006 წელს, მთავრობის „ამბალების“ ხროვა Land Cruiser -ით წინ ჩაუდგა ტაქსს, რომელმაც არ დაუთმო გზა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩაზე. ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და გაუსწორდნენ ხანში შესულ მძღოლს. ქუჩის მეორე მხარეს კი პოლიციელები უდარდელად ექაჩებოდნენ თამბაქოს. ბრახ! ის გულისამრევი შეგრძნება, თითქოს გიღალატესო, კვლავ დამიბრუნდა, როგორც წიხლი წელს ქვემოთ.
მესმის, რომ ისეთი ქვეყნის მართვა, როგორიც საქართველოა, 5.5 მილიონი კატის მწყემსვის ტოლფასია, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ მეტ პატივისცემას გამოიჩენდი მათ მიმართ, ვინც მხარი დაგიჭირა 2003 წლის იმ ცივ და ჟინჟღლიან დღეებში და ვინც ხმა მოგცა შენ და შენს ხედვას იანვარში. შენი დაცემა კი, მიშა, მდგომარეობს იმაში, რომ შენ და შენი შიდა წრე, რეალობას სრულიად მოკლებულნი, არსებობდით ცუდმედიდობის მომწამვლელ ვაკუუმში. გახსოვს, როგორ განრისხდი, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ საქართველო გაღატაკებული ქვეყანაა?
ის საქართველო, რომელშიც მე ჩამოვედი 2001 წელს, ისტორიის ნაწილია შენი და ყველა იმ ადამიანის წყალობით, ვინც ხმა მოგცა არჩევნებში. შენი წასვლა საუკეთესო რამ არის, რაც კი გაკეთებულა ამ ქვეყნისათვის მას შემდეგ, რაც შენ გახდი მისი ლიდერი. თუმცა, მეორე მხრივ, უცნაური შეგრძნება დამეუფლება, როცა ვეღარ გიხილავ.
http://www.themoscowtimes.com/opinion/article/saakashvili-era-is-over-but-will-be-missed/489015.html