"არჩევნებმა საქართველოს დემოკრატიული ხარისხი დაადასტურა", - ამ სათაურით აქვეყნებს ევროპული გამოცემა The Parliament-ი ევროპარლამენტარ ლიბორ რუჩეკის წერილს საქართველოს შესახებ.
როგორც ჩეხი დეპუტატი წერს, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იმედისმომცემი და ქვეყნის დემოკრატიის დადასტურება იყო.
"საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროპული ინტეგრაციის პროცესისთვის ისტორიული დრო დგას. გასული წლის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ, 27 ოქტომბერს გამართულმა არჩევნებმა კიდევ უფრო მეტად დაადასტურა საქართველოს დემოკრატიული ხარისხი", - აღნიშნავს ლიბორ რუჩეკი.
ევროპარლამენტარი ასევე ხაზს უსვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებამ ხაზი გაუსვა საქარველოს პოლიტიკური სურათის ცვლილებას, რამდენადაც დასრულდა სააკაშვილის მმართველობის ეპოქა. ის, რომ ასეთი დამაჯერებელი ცვლილებები რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური არასტაბილურობის გარეშე განხორციელდა, ადასტურებს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფესა და სიძლიერეს. ეს მიღწევა კიდევ უფრო აღსანიშნავია საქართველოს რთული უსაფრთხოებისა და რუსეთის მხრიდან ვილნიუსის სამიტის წინ თბილისსა და აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებზე გაზრდილი ზეწოლის ფონზე", - აღნიშნავს ჩეხი დეპუტატი.
ლიბორ რუჩეკი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა საქართველო დაბეჯითებით იმსახურებს ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხიან გაუმჯობესებას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ვილნიუსში ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდეს.
"მომდევნო თვეებსა და წლებში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, ევროკავშირის დახმარებით, ინსტიტუტების შენება და კანონის უზენაესობის გამყარება უნდა იყოს. საქართველოს მდგრადი დემოკრატიული წინსვლისთვის ქვეყანას სტაბილური და სანდო ინსტიტუტები სჭირდება, ასევე პარლამენტის, როგორც ძლიერი მეთვალყურის როლი. საქართველო უნდა გათავისუფლდეს პერსონალიზებულ პოლიტიკაზე დამოკიდებულებისგან, რომლითაც გამორჩეული იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა კი შესაძლოა, ამ მემკვიდრეობასთან გამკლავების შესაძლებლობა იყოს", - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
ლიბორ რუჩეკი ასევე წერს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ქვეყანა განაგრძობს შიდა ერთიანობის გამყარებას.
"ამისთვის ასევე საჭიროა მთავრობას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქტიული ურთიერთობა. ამ მხრივ, გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნები ერთობ იმედის მომცემია საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - წერს ლიბორ რუჩეკი.