"ლიდერშიფის მანევრები საქართველოში", - ამ სათაურით აქვეყნებს ახალზელანდიური გამოცემა Otago Daily Times გვინ დაიერის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთობ იდუმალებით მოცული ადამიანია და არასდროს ყოფილა ბოლომდე ნათელი, როგორ გამდიდრდა.
"მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მესამედია, თუმცა ნამდვილი გამოცანა ივანიშვილის მოტივები და მიზნებია – რატომ შეიწუხა თავი პრემიერ-მინისტრობით, თუ ერთი წლის მერე გადადგომას აპირებდა?" - წერს გვინ დაიერი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში 10 წლის წინ, მოსკოვში გატარებული 20 წლის შემდეგ დაბრუნდა, თბილისის ფერდობზე უზარმაზარი სასახლე წამოჭიმა და ფარულად იწყო კეთილი საქმეების კეთება.
"იმ დროისთვის პატარა ტრანსკავკასიური რესპუბლიკა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე იდგა, ივანიშვილი კი მშვიდად აფინანსებდა საყვარელ მსახიობებს, რომელთაც თავი ძლივს გაჰქონდათ. გარკვეულ მომენტში მან ხელფასებიც კი გადაუხადა სახელმწიფო მოხელეებს, როცა მთავრობა ვერ ახერხებდა ამას. ასევე გაირკვა, რომ მან დააფინანსა ქალაქის მთავარი საკათედრო ტაძრის მშენებლობა. მას აშკარად არ მოსწონდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ გაურბოდა პოლიტიკას და ჯეიმს ბონდის ფილმების ბოროტმოქმედივით გარეშე თვალს ერიდებოდა თავის იზოლირებულ სამფლობელოში, სადაც ზებრების მოფერებაში ატარებდა დროს", - წერს გვინ დაიერი.
ავტორი აღნიშნავს, რომ 18 თვის წინ, ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნება" ჩამოაყალიბა, რომელმაც გასულ წელს დამაჯერებელი გამარჯვება მოპოვა საპარლამენტო არჩევნებში, ბატონი ივანიშვილი კი პრემიერ-მინისტრი გახდა. ავტორისვე თქმით, გასულ კვირას კი ივანიშვილის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილი ჩაანაცვლა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ორი თვის წინ, ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ის პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებდა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მიჰყოფდა ხელს და როგორც თვითონ თქვა, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ მასზე, როგორც მესიაზე.
გვინ დაიერის თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში საკმაოდ ბევრი მესია ახსოვს. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. მისი მმართველობისას საქართველომ კონტროლი დაკარგა ე.წ.სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. საბოლოოდ, გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულდა.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მეორე პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელმაც თავის დროზე პოპულარობა მოიპოვა, როგორც ანტიკორუფციულმა ჯვაროსანმა.
ავტორის თქმით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, შევარდნაძე მსოფლიოში ყველაზე კორუფციულ რეჟიმს ხელმძღვანელობდა. მისი უახლოესი გარემოცვა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 70%-ს აკონტროლებდა, როდესაც რიგითი ქართველები სიღარიბეში ცხოვრობდნენ.
"საქართველოს უკანასკნელი მესია მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელმაც არაძალადობრივი "ვარდების რევოლუცია" წამოიწყო და ქვეყანაში დემოკრატია დაამყარა. მაგრამ ბატონმა სააკაშვილმა ასევე წამოიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ და დამარცხდა 2008 წელს. მისი მმართველობისას საქართველოს ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე მეოთხედი მაინც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, უმუშევრობა კი 15%-ზე მაღალია. როდესაც ხალხმა მისი პოლიტიკა გააპროტესტა, ისინი ძალადობასა და რეპრესიებს შეეჩეხნენ. ასე რომ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დამეჯერებელი ალტერნატივა შესთავაზა, მათ მაშინვე მის ბანერებთან მოიყარეს თავი", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს არასოდეს შეუთავაზებია თანმიმდევრული გეგმა საქართველოსთვის ან რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკა.
გვინ დაიერის თქმით, როგორც ჩანს, ქართველებმა ის უბრალოდ როგორც მომავალი მესია ისე აირჩიეს, რადგან მას ბევრი ფული აქვს და ხელგაშლილია, თუმცა ქართველებს არ ადარდებთ, საიდან მოდის ეს ფული.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დააგროვა და სხვა ოლიგარქების მსგავსად, რომლებიც იმ პერიოდში გამოჩნდნენ რუსეთში, გაურკვეველი რჩება რა გზით მოიპოვა მან სიმდიდრე. ავტორი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ერთადერთი მილიარდერია და მისი ქონება და სიბრძნე ყველას შეგვინახავს. გასული კვირის არჩევნებში მისმა საპრეზიდეტო კანდიდატმა 62% მოიპოვა, უკანასკნელი მესიის კანდიდატმა კი 22%.
გვინ დაიერი ასევე წერს, რომ ბატონი ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება იმაზე ნაკლებადაა რეალობიდან შორს, ვიდრე ჩანს. სინამდვილეში ის არ ამბობს უარს ძალაუფლებაზე. როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, ის ყოველთვის მოუსმენს თავის ავტორიტეტულ მეგობარს – თუ პრობლემები იქნება, ნებისმიერი პერსონალური პასუხისმგებლობის გარეშეც მას მას შეუძლია გააგრძელოს საქმეებზე დომინირება.
"ფული არ ლაპარაკობს, ის ბრძანებებს იძლევა. სინამდვილეში ის არც დემოკრატიის საწინდარია. ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ უკვე დაიწყო სააკაშვილის ყოფილი მინისტრების სხვადასხვა ბრალდებებით დაპატიმრება და საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შემდეგ, სავარაუდოდ, თავად ყოფილი მესიაც იგივეს უნდა ელოდოს", - ნათქვამია სტატიაში.