კონსტანტინ ეგერტი:  სააკაშვილისთვის ჯვარის დასმა ნაადრევია

კონსტანტინ ეგერტი: სააკაშვილისთვის ჯვარის დასმა ნაადრევია

"სააკაშვილისთვის ჯვარის დასმა ნაადრევია", - ამ სათაურით აქვეყნებს "ბიბისის" რუსული ბიურო კონსტანტინ ეგერტის ბლოგს. როგორც ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ შეხვედრია და ეს შეხვედრები ყოველთვის ურთიერთგანსხვავებულ გრძნობებს უტოვებდა. მისივე თქმით, თქმა არ უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი პატრიოტი და თავისი ქვეყნის კეთილმოსურნეა, არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას პროტოკოლს, უშუალო და პირდაპირია ურთიერთობებისას. 

"ესტონური ეკონომიკური სასწაულის" მამას, ქვეყნის ყოფილ პრემიერს მარტ ლაარს თუ არ ჩავთვლით, შესაძლოა, სააკაშვილი ყველაზე წარმატებული პოსტსაბჭოთა რეფორმატორია. რა თქმა უნდა, სააკაშვილი ჩქარობდა თავისი რეფორმები შეუქცევადი ყოფილიყო, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს თვლიდა მტკიცე გარანტიად", - წერს კონსტანტინ ეგერტი. 

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საკუთარი შეხედულებებისგან განსხვავებული მოსაზრებებისადმი შეუწყნარებლობამ, ჰიპერაქტიურობამ, სიყვარულის სიძულვილით სწრფად შეცვლამ სააკაშვილს ჯერ მომხრეები, მერე კი მოქალაქეების დიდი ნაწილი ჩამოაშორა. 

"ყველა წარუმატებლობაში ყოველთვის მტრები იყვნენ დამნაშავე – რუსეთის აგენტები, შევარდნაძის მომხრეები, ფარული კორუფციონერები. ამ მხრივ, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ჰგავს პუტინს, ლუკაშენკოს, ალიევსა და სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერებს. არც ერთი მათგანი არ აღიარებს შეცდომებს და თავიანთ წარუმატებლობაში საგარეო ძალებს ადანაშაულებენ", - წერს კონსტანტინ ეგერტი. 

როგორც ბლოგშია აღნიშნული, რა თქმა უნდა, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ მინიმუმ 2006 წლიდან კრემლმა ყველაფერი გააკეთა "რუსეთის ნომერ პირველი მტრის" პოზიციების ძირის გამოთხრისთვის. თუმცა, თავად სააკაშვილიც საკუთარი საქციელით ხშირად უმსუბუქებდა ცხოვრებას ოპონენტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მოსკოვში. 

"ჩემი აზრით, რუსეთთან წაგებულმა ომმაც კი ვერ მიაყენა ისეთი დარტყმა სააკაშვილის იმიჯს, როგორც ეს მისმა ბოლო წლებში გატარებულმა საშინაო პოლიტიკამ ქნა. ვფიქრობ, მიმავალმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი და შესაძლოა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ბევრ ჟურნალისტთან მოუვიდა უთანხმოება. ჩემი ქართველი კოლეგების უმრავლესობას კი აღარ სჯეროდა. რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სიტყვის თავისუფლება მართლაც ძვირფასი იყო", - წერს რუსი პოლიტიკური მიმომხილველი. 

კონსტანტინ ეგერტი ასევე აღნიშნავს, რომ 1996 წელს რუსი ჟურნალისტების 99 პროცენტმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა ბორის ელცინს, რადგან იცოდნენ, რომ ის არ ჩაახშობდა სიტყვის თავისუფლებას. 2012-2013 წლების საქართველოში ასეთი რწმენა ცოტას თუ ჰქონდა. თუმცა, ავტორი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა აშკარად უკეთესია, ვიდრე რუსეთის. 

როგორც ავტორი წერს, ადამიანები, რომლებიც ხუთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის არჩევას მიესალმებოდნენ, ახლა სახელმწიფოს მიმავალ მმართველზე ანგარიშსწორებას მოითხოვენ. მისი ათობით მომხრე ციხეშია და სისხლის სამართლის საქმე თავად მასაც ემუქრება. 

"პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მისტიკურად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, საკმაოდ გასაგებად მიანიშნებს, რომ მზად არის შეასრულოს ვლადიმერ პუტინის სურვილი და ფიგურალურად რომ ვთქვათ, მიართვას მას სააკაშვილის თავი", - წერს კონსტანტინ ეგერტი. 

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ახალი ლიდერი ჩქარობს წინამორბედის მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას და დამარცხებული ოპონენტების ციხეში გამომწყვდევას, რითიც იქმნება უნდობლობის ჩაკეტილი წრე, რომელსაც ნებისმიერი რეფორმის განადგურება შეუძლია. 

როგორც კონსტანტინ ეგერტი წერს, ბოლო წელს მიხეილ სააკაშვილის ქცევა პატივისცემას იწვევს, რადგან ის დაემორჩილა კონსტიტუციას და უპირობოდ აღიარა თავისი მოკავშირეების მარცხი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

"იყო თუ არა სააკაშვილი ნამდვილად წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე, ამას ხვალვე ვერა, მაგრამ ძალიან მალე გავიგებთ. ამის შესაფასებლად მარტივი კრიტერიუმები არსებობს:

გააგრძელებს თუ არა არსებობას მიმავალი პრეზიდენტისა და მისი გუნდის რეფორმირებული სასამართლო სისტემა და პოლიცია, ანტიკორუფციული კანონმდებლობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსი? – სწორედ ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს სააკაშვილის ადგილს ისტორიაში", - წერს კონსტანტინ ეგერტი. 

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავარი, რაც მედიაში იწერებოდა იყო, რომ "მიშას ეპოქა სამუდამოდ დასრულდა", თუმცა როგორც რუსი პოლიტიკური მიმომხილველი კოლეგებს ურჩევს, უმჯობესია არასოდეს თქვან - არასოდეს. 

"რა თქმა უნდა, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბედისწერა პოლიტიკაში დაბრუნების შანსს მისცემს. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან პოსტსაბჭოთა პოლიტიკაში სახალხო სიყვარულიდან სიძულვილამდე, მერე კი ისევ სიყვარულამდე ერთი კი არა, სულ რაღაც ნახევარი ნაბიჯია", - წერს კონსტანტინ ეგერტი.