საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს უცხოური მედიაც ეხმაურება. როგორც "როიტერი" აღნიშნავს, საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის ნაკლებადცნობილი კანდიდატის გამარჯვებით, მმართველი კოალიცია ძალაუფლებას გაიმყარებს.

"გიორგი მარგველაშვილი ძალის კონცენტრირებას მოახდენს და პოლიტიკის წარმართვას უფრო იოლს გახდის საქართველოში, რადგან "ქართული ოცნება" პირველად აკონტროლებს როგორც პრეზიდენტს, ისე მთავრობას. მაგრამ სავარაუდოდ, არჩევნები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გაუგებრობას მხოლოდ მცირე ხნით გაფანტავს", - წერს "როიტერი".

"ასოშიეითედ პრესი" წერს, რომ მილიარდერი პრემიერ-მინისტრის საპრეზიდენტო რჩეულმა იოლად მოიპოვა გამარჯვება.

"საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც საქართველოსთვის უჩვეულოდ მშვიდი და პროგნოზირებადი იყო, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის გიორგი მარგველაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კონტროლი გაიმყარა", - წერს "ასოშიეითედ პრესი".

ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ახალი პრეზიდენტის არჩევით უარი თქვა სააკაშვილის კანდიდატის არჩევაზე.

"თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პოსტს ტოვებს. კვირას გამართულ არჩევნებში ქართველმა ამომრჩეველმა ცხადად დააფიქსირა, რომ აღარ არიან დაინტერესებული სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის გახანგრძლივებით", - აღნიშნავს "ვაშინგტონ პოსტი".

"მიხეილ სააკაშვილის საქმეები არც ისე ვარდისფრადაა, რადგან საქართველოს ყოფილი ლიდერი შესაძლოა დააპატიმრონ", - წერს ბრიტანული გამოცემა Independent და დასძენს, რომ საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია, პოლიტიკური მეტოქეების მხრიდან რევანშის შიშის გრძნობას უტოვებს რევოლუციის გმირს.

როგორც ამერიკული გამოცემა New York Times აღნიშნავს, მართალია საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია, მაგრამ ძალაუფლება მომავალი პრემიერის ხელში იქნება.

"ქართველებმა კვირას ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, მაგრამ ჯერაც გაურკვეველია ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ", - აღნიშნავს "ნიუ იორკ თაიმსი".