შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესის დასრულების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.

უცვლელად გთავაზობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას:

”ხვალ,  2013 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე 3, 537, 719 ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება  23 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გააკეთოს არჩევანი.

 3, 689 საარჩევნო უბანი საქართველოში და 50 საზღვარგარეთ სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება პოლიტიკური პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების 47,000-მდე წარმომადგენელი, 20,000-მდე ადგილობრივი და 1,300-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 1400-მდე მედია წარმომადგენელი.

ხვალ, დილის 8:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. უბნებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. თითოეულ უბნის წევრს გავლილი აქვს საარჩევნო ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. დღის განმავლობაში იმუშავებენ სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არჩევნებში მონაწილეობას. წელს პირველად, ყველა საარჩევნო უბანზე მხედველობაშეზღუდული ამომრჩევლები სპეციალური ჩარჩო ფორმის დახმარებით დამოუკიდებლად შეძლებენ ხმის მიცემას.

ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ 17 ოქტომბერი იყო საარჩევნო სუბიექტების მხრიდან კანდიდატურების მოხსნის ბოლო ვადა. შესაბამისად, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო სუბიექტების მიერ გაკეთებული განცხადებები კანდიდატურის მოხსნის შესახებ გავლენას ვერ მოახდენს ბიულეტენში არსებულ კანდიდატთა ჩამონათვალზე.

აქვე     მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით იკრძალება ნებისმიერი სახის აგიტაცია კენჭისყრის შენობაში.  მოვუწოდებთ, როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს 1,000 ლარიანი ჯარიმის საფუძველი.

27 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც ყველა აკრედიტებულ დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება დაესწროს წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს. შეგახსენებთ, რომ თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებ-გვერდზე. წინასწარი შედეგების შესახებ იფუნქციონირებს სპეციალური ვებგვერდი  www.results.cec.gov.ge.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი (კონტაქტ-ცენტრი) 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

და ბოლოს,  ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.  ასევე მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას”.